{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  •  ზვარე

     

    გამგებლის წარმომადგენელი  ზვარის ადმინისტრაციულ ერთეულში-ბერიკა ტალახაძე

    ტელ :595 45 75 32

    უფროსი სპეციალისტი ზვარეში-ბესო დალალიშვილი

    ტელ:593 11 19 18 

     

    საკრებულოს ტერიტორია -1026 20 ჰა.

    მოსახლეობა - 376 კომლი 1054 მცხოვრებით

    მანძილი ხარაგაულიდან საკრებულოს ცენტრამდე - 24 კმ.

    უახლოესი რკინიგზის სადგური მოლითი - 4კმ. ბაქანი ჩრდილი - 2კმ.

    ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლებია: ზვარე, ნუნისი, ჩრდილი.

    საკრებულოს ცენტრი - ზვარე

    ზვარე - მდებარეობს ლიხის ქედის დასავლეთ კალთაზე, მდინარე ნუნისის წყლის (ჩხერიმელას მარცხენა შენაკადი) ნაპირას. ზ.დ. 700მ. ხარაგაულიდან 24 კმ.

    სოფელი ისტორიულ წყაროებში პირველად მოიხსენიებაXVIII ს-ში ,,მზვარის“ სახელწოდებით.

    სახელწოდება ,,ზვარე“ მზიანს ნიშნავს. ის ნაწარმოებია სიტყვისგან ,,მზვარე“, რომელიც აღნიშნავს მზიან ფერდობს.

    სოფლის მიმართულებით, ტყეში არის ლიხის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ნანგრევები და სახატე ადგილი, რომელსაც მოსახლეობა ,,ჯვარნაძვს“ეძახის.

    საქვეყნოდ ცნობილია ზვარის მინერალური წყაროები, სადაც წლების განმავლობაში ჩამოისხმებოდა მინერალური წყალი ,,ზვარე“.

    ზვარის მინერალური წყლის საბადო მდებარეობს სოფლების ზვარისა და ჩრდილის საზღვარზე.

    ზვარის მინერალური წყლის საბადოს ტერიტორიაზე, სოფელ ჩრდილის მხარეს, არსებობს აბანო , სადაც რევმატიზმით დაავადებულნი სამკურნალო ვანებს იღებენ.

    გადმოცემით, არსებული საბადოს ტერიტორიაზე ჩნდებოდა წყლის გუბეები, რომელსაც პირუტყვი ხარბად ეტანებოდა. მოსახლეობა დაინტერესდა წყლის თვისებებით და გამოკვლევებმა ზვარის წყლის უნიკალურობა დაადასტურა. 1933 წელს დაიწყო საძიებო სამუშაოები.1943 წელს აღიმართა პირველი მექანიზებული ჭაბურღილი. 1936 წელს დაიწყო მინერალური წყლის ,,ზვარის“ ჩამოსხმა. ამჟამად მისი ჩამოსხმა აღარ მიმდინარეობს.

    ზვარის მინერალური წყალი ქიმიური შემადგენლობით მიეკუთვნება ნახშირმჟავა - ქლორიდულ- ჰიდროკარბონატულ, კალციუმ-ნატრიუმიან წყლებს. მას იყენებენ საჭმლის მომნელებელ ორგანოთა დაავადების სამკურნალოდ.

    სოფელ ზვარეში, ძველი სასაფლაოს ტერიტორიაზე არის ბოტანიკური მნიშვნელობის რამდენიმე ძეგლი - 200 წლოვანი ცაცხვები.

    ჩრდილი - მდებარეობს მესხეთის ქედის ჩრდილოეთ მთისწინეთში, მდინარე ნუნისის წყლის მარცხენა მხარეს. ზ.დ. 720 მ, ისტორიულად ეს სოფელი, საქართველოს ტერიტორიაზე დასახლებულ უძველეს სოფელთა რიგს ეკუთვნის.

    სოფელი იყოფა სამ უბნად : კოშკის უბანი, დაწყებითი სკოლა და კაოითის უბნები.

    XX ს. 50- იან წლებში მიწის დამუშავებისას, სოფელ ჩრდილის უბნებში - ხანკაურსა და ფიქალათში აღმოჩნდა გვიანი ბრინჯაოს ეპოქის არქელოგიური მასალა, რომელიც კერამიკის განვითარების მაღალ დონეს მეტყველებს. აღმოჩენილ იქნა სამარხები, რომელთა შორის გამორჩეული ყოფილა მეომრის სარკოფაგი. აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალა შეუსწავლია აკადემიკოს ნ.ბერძენიშვილს . მისივე დასკვნით, სოფელი ჩრდილი გვიანი ბრინჯაოს ხანის ეპოქის ერთ-ერთი კერამიკული ცენტრი ყოფილა დასავლეთ საქართველოში. ხანკაურასა და ფიქალათის უბნებში აღმოჩენილი სამაროვანი გვიანი ბრინჯაოს ეპოქიდან მოყოლებული, ელინისტურ ხანამდე ფუნქციონირებდა, აქ დასაფლავება ხდებოდა ქვაყუთებში. ქვაყუთები გამომწვარი თიხისგან მზადდებოდა.

    აღნიშნულმა არქეოლოგიურმა მონაპოვარმა გაამდიდრა საქართველოს ისტორია. ბრილის, ლეღვნის, ჩრდილის არქეოლოგიური მასალის მსგავსება ხაზს უსვამს კოლხური კულტურის სიძლიერეს და მრავალფეროვნებას.

    ხანკაურასა და ფიქალათის უბნებში ჩამარხული განძი 3000 – 4000 წლის წინანდელ ეპოქას ეხმიანება და ჯერ კიდევ ბევრ საიდუმლოს ინახავს.

    სოფლის კოშკის უბანში არის გვიანდელი ფეოდალური ხანის ხუთსართულიანი კოშკის ნანგრევები და ყრანჩის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია,სადაც აღნიშნავენ გიორგობის დღესასწაულს. ამ უბანს თავს დასცქერის საილობოს მთა, რომელზეც შემორჩენილია ელიაწმიდის სალოცავის ნიში (სამანი). სოფელ ჩრდილში არის აგრეთვე შილდაყის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ნანგრევები.

    ნუნისი - მდებარეობს მესხეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე ნუნისის წყლის ხეობაში. ზ.დ. 920 მ. ხარაგაულიდან 27 კმ. უახლოესი რკინიგზის სადგურ მოლითიდან 7 კმ.

    სოფელ ნუნისს ძალზე დიდი ხნის ისტორია აქვს. ჯერ კიდევ ვახუშტი ბატონიშვილს აქვს მოხსენიებული ნუნისის წყალი, როგორც საამო და მარგებელი.

    ნუნისის აღმოჩენის შესახებ მრავალი ლეგენდა არსებობს, ერთ-ერთი მათგანი დავით აღმაშენებლის სახელს უკავშირდება. ლეგენდა მოგვითხრობს: დავით მეფე ბრძოლიდან ბრუნდებოდა. დაღლილ სახედრებს კანი მთლიანად გადატყაული ჰქონიათ, როდესაც პირუტყვები ნუნისის წყალში შესულან , ჩაწოლილან და დიდხანს ვეღარ აუყენებიათ. წყალს მათი დაწყლულებული კანი მალე განუკურნავს. დავითს სოფელი მოსწონებია და იქ ეკლესიის აგება უბრძანებია.

    რაც შეეხება სოფლის სახელწოდებას: ნუნისის წყლებით ადრე მოსახლეობა კანის დაავადებას - მუნს მკურნალობდა, ამიტომ სოფელს ,,მუნისი“ დაერქვა, შემდეგ სახეცვლილება განიცადა და ნუნისი ეწოდა.

    სოფელ ნუნისში არის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი, რომელსაც IX – X სს. ძეგლია, მას ,,დედაღვთისას“ უწოდებენ. ტაძარი დიდებული არქიტექტურული გემოვნებით ყოფილა გებული, მაგრამ საქართველოს ისტორიის ბედუკუღმართობის გამო მრავალჯერ დანგრეულა და განახლებულა.უკანასკნელად ნუნისის ტაძარი, 1785 წელს გადაუწვავს ომარ - ხანს, ვახანის ციხის აღების შემდეგ. იგი მრავალგზის აღუდგენიათ, ბოლოს კი 1895 წელს.

    ეკლესიის გარშემო არის ოთკუთხა გალავნის ნანგრევები,ნაშენი კლდე-რიყის ქვისა და კირისგან. ეკლესიის მახლობლად არის ორი აკლდამა, რომელთაც ,,ეკვტერს“ ეძახიან. აკლდამები მთლიანად ჩაქცეულია.

    დღესაც ამაყად დგას ნუნისის ტაძარი და თავისი სიდიადით საოცრად ერწყმის ბუნების მშვენიერებას. აქ აღნიშნავენ ღვთისმშობლობისა და მარიამობის დღესასწაულებს.

    ნუნისის ეკლესიიდან 1,5 კილომეტრის დაშორებით, ნუნისის წყლის ხეობის გადაკვეთის შემდეგ ტყიან გზას მივყავართ ხელოვნურ გამოქვაბულებთან, რომელსაც ,,ბერების კლდეს“ ეძახიან. მის კომპლექსში შედის კლდეში გამოკვეთილი სამსართულიანი რამდენიმე გამოქვაბული. წლების განმავლობაში აქ საძიებო სამუშაოებს აწარმოებდნენ ,,იბერიონთა საძმოს“ წევრები; გათხრების შედეგად ცხრა მეტრის სიღრმეზე აღმოჩნდა ლოდით ამოქოლილი შესასვლელი მიწისქვეშეთში, რომელიც ,,იბერიონთა საძმოს“ მტკიცებით, წინაპართა დატოვებულ საიდუმლოს უნდა წარმოადგენდეს. მათივე აზრით, ამ კლდის მიღმა , დარბაზში დევს წიგნი, რომელიც სახარებაში მოხსენიებულია ,,ლაზარედ“ და მზის შუქს ელოდება, რომ საქვეყნოდ განცხადდეს - ნუნისი სამყაროს ცენტრია და აქ არის ნოეს კიდობანიც: ,,მთა-კიდობანი დაკეტილია, მისი გახსნის ზუსტი თარიღი არ არის დადგენილი. მოსალოდნელია აიშვას ,,მიჯაჭვულმა ამირანის“ ფენომენმა,რისი გაიგივებაც შეიძლება ,,ლაზარეს აღდგინებასთან“.

    ,,ბერთა კლდე“ საძმოს წევრთა თქმით, იგივეა, რაც საქომარის მთა, ლაზარეს სამარხი, ქაჯეთის ციხე, ოქროს საწმისის სადებელი, ნოეს საკურთხეველი, კიდობანი, საქართველოს გეოგრაფიული ცენტრი, ,,აღმოსავალი ქუეყანისა“, ,, დედამიწის გული“...

    ერთი ვერსიის თანახმად, ნუნისის ღვთისმშობლის ტაძარი ოდითგან საიდუმლო გვირაბით უკავშირდებოდა ,,ბერების კლდეს“.

    ჯერ კიდევ არავინ იცის, რა საიდუმლოებას იტევს ,,ბერების კლდე“, მაგრამ ფაქტი ერთია, ნუნისის ღვთისმშობლის ეკლესიის შემოგარენი უდიდეს იდუმალებას ინახავს თავის წიაღში და დაგება დრო, როცა ფარდა აეხდება ათასწლეულების საიდუმლოს.

    ნუნისის ღვთისმშობლის ეკლესიის გვერდით არის ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის მცველთა ნუნისის საგუშაგო.

    ზვარეში არის ადგილი, რომელსაც ,,ჯვარნაძვს“ ეძახიან, აქედან გადადის გზა ,,პატარა ხარაგაულში“, ასე ეძახიან ადგილს, სადაც დღეს მოსახლეობა აღარ ცხოვრობს, საბჭოტა ხელისუფლების წლებში მათი ნაწილი მესხეთში ჩაასახლეს. იმ ტერიტორიაზე, სადაც ამჟამად სახნავ-სათესი საძოვრებია, არის ორი ეკლესიის ნაშთი. პატარა ხარაგაულიდან გზა გადადის ბორჯომის რაიონის სოფელ ქვიშხეთში , ბულბულის ციხესთან, რომელიც იყო ძველი საქარავნო გზა. მსოფლიოშია განთქმული ნუნისის წყლები შესანიშნავი სამკურნალო თვისებებით.

    ,,სამთა ნუნისი“ - ელიტარული მთიანი კურორტი განთქმულია თავისი ისტორიული ღირსშესანიშნაობებითა და ბუნებრივად თბილი, მინერალური გოგირდოვანი წყლით. ნუნისის წყალს თავისი შემადგენლობითა და სამკურნალო თვისებებით მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნია.იგი მიმზიდველია როგორც ჯანმრთელი ასევე კანის პრობლემებით შეწუხებული დამსვენებლებისათვის. ნუნისის მინერალური წყლის მოქმედებით მიიღწევა კანის ხარისხის აშკარა გაუმჯობესება. იგი განსაკუთრებულ კოსმეტიკურ ეფექტს იძლევა თმაზე და სახის კანზე.

    ,,სამთა ნუნისი“ დამსვენებლებს სთავაზობს:

    -         დასვენებას სამვარსკვლავიან სასტუმროსა და თანამედროვე ტიპის კოტეჯებში

    -         სამჯერად სრულფასოვან კვებას, შედგენილს ექიმთა რეკომენდაციით

    -         ფუნქციონირებს ახალი საპროცედუროები, სადაც მიიღებთ სამკურნალო აბაზანებს

    -         სატელიტური ტელეარხები, რესტორანი, ბარი

    -         ტრენაჟორები, ბილიარდი, მაგიდის ჩოგბურთი

    -         ექსკურსიები ფეხით, მანქანით, ან ცხენებით

    -         ნუნისის მინერალური წყლით მკურნალობის ჩვენებებს წარმოადგენს

    ფსორიაზი, ეგზემა. ნეიროდერმიტი, სებორეული დერმატიტი, ქრონიკული ჭინჭრის ციება, წითელი ბრტყელი ლიქენი, პრურიგო, ნევროზები, პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებები( რადიკულიტი, ნევრიტი, ნევრალგია).

    ნუნისიდან დედაბერას მთისკენ მიმავალ გზაზე არის ბოტანიკური მნიშვნელობის ძეგლი - 150 წლოვანი წიფელი, რომელსაც თავისი ფორმის გამო ,,ჯვარწიფელს“  ეძახიან.

    ბორჯომ -ხარაგაულის ერთ-ერთი ულამაზესი ტურისტული მარშრუტი (№4) ბორჯომის რაიონიდან ნუნისის მცველთა საგუშაკოსკენ მიემართება.

    საკრებულოში აღრიცხული გვარებია: ალხაზიშვილი, გოგნაძე, გაბუნია, გოგოლაძე, გუდაძე, გაფრინდაშვილი, გველესიანი,დალალიშვილი, ენუქიძე, ზედგინიძე, თიკანაშვილი, კიკნაძე, კაკიაშვილი, კურტანიძე, ლომიძე, ლაცაბიძე, ლომსაძე, მანჩხაშვილი, მაღლაკელიძე,მაღრაძე, მაჩიტაძე, ორთოიძე, რევაზიშვილი, სარალიძე, სამხარაძე, ტალახაძე, ტაბატაძე, ფანქველაშვილი, ფერაძე, ჩაჩანიძე, ჩიტაძე, ჩიკოვი, ჭყოიძე, ციყელაშვილი, ღონღაძე, ღამბაშიძე, ხიხაძე, ხურციძე.

     

     

    ვალუტის კურსი
    2.4864
    2.9344
    3.2753
  • დაბა ხარაგაული
  • ბაზალეთი
  • ბორითი
  • ვარძია
  • ვახანი
  • კიცხი
  • ლაშე
  • ლეღვანი
  • მოლითი
  • ნადაბური
  • სარგვეში
  • საღანძილე
  • ფარცხნალი
  • ღორეშა
  • წიფა
  • წყალაფორეთი
  • ხევი
  • ხიდარი
  • ხუნევი
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი