{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  •  

     > ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრი

     > ხარაგაულის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი

     > ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,უბისი"

     

    დიდი  ტრადიციის  მქონეა ხარაგაულის  კულტურის  ცენტრი. საინტერესო, ხანგრძლივ  გზაზე  იარა მისმა  შემოქმედებითმა  კოლექტივმა. 1941 წლის  30 აპრილს  საზეიმოდ გაიხსნა  სარაიონო  კულტურის  სახლი. მისი პირველი  დირექტორი  გახლდათ  ხელოვნების  დამსახურებული  მოღვაწე, ქართული  ხალხური  სიმღერის  ჭეშმარიტი  მოამაგე  ივანე (ბიჭიკო) აბაშიძე. იგი ხელოვანთა  იმ კატეგორიას  მიეკუთვნება,რომელთაც  დიდი  ამაგი  დასდეს  ქართულ  საგუნდო  ხელოვნებას. კერძოდ, ძველი, მივიწყებული, ქართული  ხალხური  სიმღერების  მოძიებას, აღდგენასა და  პოპულარიზაციას. ბიჭიკო აბაშიძემ  დაუღალავი  შრომით  აღადგინა  ოცდაათამდე  ძველი  იმერული  სიმღერა  და შექმნა  ოცამდე  სიმღერა. ამ  პერიოდში  კულტურის  სახლში  არსებობდა  სიმღერისა  და  ცეკვის  ანსამბლი,ხარაგაულის  „დიდ  გუნდად“  წოდებული , რომელსაც  1947-1952  წლებში  მინიჭებული  ჰქონდა  სახელმწიფო  ანსამბლის  სტატუსი.

    ბატონი  ბიჭიკო  ხარაგაულის  კულტურის  სახლს  გახსნის  დღიდან  25 წლის  განმავლობაში  უდიდესი  წარმატებით  ხელმძღვანელობდა. ფართო და  მრავალმხრივი  იყო  მისი  შემოქმედებითი  დიაპაზონი. იგი თეატრალური  ნიჭითაც  გახლდათ  დაჯილდოებული. მან  ხარაგაულის  სახალხო თეატრში  მრავალი  სცენური  სახე შექმნა. ბიჭიკო  აბაშიძემ  მთელი  თავისი ცხოვრება  რაიონის  კულტურული  დონის  ამაღლებას  შეალია. ბიჭიკო  აბაშიძე  1986  წლის  დეკემბერში  80 წლის ასაკში გარადაიცვალა. „ სიმღერა ჩემი ცხოვრების თანამგზავრია. იგი მწინამძღვრობს და მსურს, რომ რადგან ყველანი მოკვდავნი ვართ, მარადიული სამყოფელისკენ მიმავალ გზაზე სიმღერით გამაცილონ,რათა სიმღერა მუდამ ჩემთან დარჩეს,-უთქვამს  ბიჭიკო აბაშიძეს. მისმა მეგობრებმა და აღზრდილებმა სურვილი აუსრულეს და „მრავალჟამიერით“ მიაცილეს სამარის კარამდე.

    1966   წლიდან  კულტურის  სახლს  სათავეში  ჩაუდგა  ხელოვნებაზე  უზომოდ  შეყვარებული  კოლორიტული  პიროვნება, რესპუბლიკის  დამსახურებული  არტისტი  ოთარ  აბაშიძე, რომლის  სახელსაც  დღეს ატარებს  ხარაგაულის  სახალხო თეატრი. იგი გახლდათ  სახალხო  თეატრის  პირველი  რეჟისორი. ძალზედ  დიდია  ბატონი  ოთარის დამსახურება  ხარაგაულის  თეატრალურ  ცხოვრებაში, როგორც  ნიჭიერი  შემოქმედის, მსახიობთა  მრავალი  თაობის  აღმზდელისა და  დამრიგებლისა. მის მიერ  ხარაგაულის  სცენაზე  განხორციელდა  მრავალი  სპექტაკლი. მათგან  განსაკუთრებით  აღსანიშნავია  პ. კაკაბაძის  „ყვარყვარე  თუთაბერი“ , მ. მთვარაძის  „ სახსოვარი“,  ნ. არეშიძის  „ შენ ჩემი  შვილი  არა  ხარ“, გ.თელიას „ ზედაზელი  ქალი“, ო. ტურიაშვილის  „ ალაშტრახი“, ც. სოლოდარის „ ერთი  დღე  აგარაკზე“, ლ. მილორავას „ მოხუცის  გული“ და სხვა. მისი ხელმძღვანელობით  მრავალი  მხატვრული  ღონისძიება  გაიმართა  რაიონში. იგი  ამასთანავე  გახლდათ  ბიჭიკო  აბაშიძის  „დიდი  გუნდის“  წევრი. ბატონი  ოთარი  წარმატებული  მსახიობი  იყო. მან  არაერთი  როლი  განასახიერა  სცენაზე. ოთარ აბაშიძე 1996 20 ივლისს გარდაიცვალა და თავისი ცხოვრებითა და შემოქმედებით ნათელი კვალი დატოვა .

    1983  წლიდან  კულტურის სახლს  სათავეში  ჩაუდგა  თამაზ კიკნაძე. მან ღირსეულად გააგრძელა  ის  დიდი  ტრადიცია, რომელსაც სათავე  ბიჭიკო  აბაშიძემ  დაუდო. იგი გახლდათ შესანიშნავი  რეჟისორი, მსახიობი, მომღერალი, ლოტბარი, დეკლამატორი. თამაზ  კიკნაძის  სარეჟისორო  მოღვაწეობა  დაიწყო  სადიპლომო  სპექტაკლით „ კოლმეურნის  ქორწინება“. შემდეგ  იყო  გ. შატბერაშვილის  „ფიქრის  გორა“, ა. სამსონიას „ჩემი  შვილი  სიმონი“, ო.იოსელიანის „სანამ  ურემი  გადაბრუნდება“, ნ.დუმბაძის  „ თეთრი  ბაირაღები“, დ. კლდიაშვილის  „სოლომან მორბელაძე“, რ. ერისთავის „ ჯერ დაიხოცნენ ,მერე  იქორწინეს“.

    1990  წელს  გურჯაანში  გამართულ  სახალხო თეატრის  რესპუბლიკურ  ფესტივალზე  ხარაგაულის  სახალხო  თეატრის  სპექტაკლს „ დარისპანის  გასაჭირი“  მთავარი  პრიზი მიენიჭა. ამავე სპექტაკლმა  ლატვიის  ქალაქ  ლიმბაჟის  მოყვარულთა  თეატრების  საერთაშორისო  ფესტივალზე  გრან-პრი  მოიპოვა.  1991 წელს  უკრაინაში  ჩატარდა  საქართველოს  კულტურის  დღეები, სადაც  წარმატებით  მონაწილეობდა  „შემოძახილი“.

    1987  წელს  კულტურის  სახლში  ჩამოყალიბდა  ფოლკლორული  ანსამბლი „ შემოძახილი“, ხელმძღვანელი  თამაზ კიკნაძე.  მის  შემადგენლობაში   სხვადასხვა დროს  შედიოდენ  ვაჟა  სვანიძე,  ნიკოლოზ  დეკანოსიძე, ზურაბ  კვაშილავა, ომარ ჩაჩანიძე, შოთა  კაციტაძე.  1988 წ. „შემოძახილმა“  ხალხური  სიმღერის  ფესტივალზე , „ სულიკო-88“ გრან-პრი მოიპოვა.  თამაზ კიკნაძე გარდაიცვალა 2003 წლის 24 მარტს.

    ხარაგაულის   კულტურის   სახლში  სახალხო თეატრისა  და  სიმღერის  სახალხო  ანსამბლის  გარდა  სხვადასხვა  წლებში  ფუნქციონირებდა  ხალხურ  საკრავთა  ანსამბლი (ხელ. გაიოზ ვაშაძე), საესტრადო ანსამბლის ( ხელ_ლი ნათელა კაციტაძე), რომელსაც  კონსულტაციას  უწევდა  კომპოზიტორი  მიხეილ  ჩირინაშვილი, თოჯინების  თეატრი ( რეჟისორი  ავთანდილ გოგოლაძე, ნოდარ კემულარია, კარლო გოგლიჩიძე), ქორეოგრაფიული  წრე ( ქორეოგრაფი  ლევან ლურსმანაშვილი).

    ა.(ა).ი.პ ხარაგაულის „კულტურის  ცენტრი“  შეიქმნა  2007  წლის 18 ივნისს. კულტურის ცენტრში  ფუნქციონირებ  შემდეგი შემოქმედებითი  კოლექტივი  და წრეები:

    1. ო. აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრი ( რეჟ. ირინე  ჩხეიძე).

    2. საბავშო,სანიმუშო,სახალხო  ქორეოგრაფიული ანსამბლი „უბისი“ (ქორეოგრაფები ზაზა და ელისო ლურსმანაშვილები).

    3. ხალხური სიმღერის ანსამბლი (ხელმ. ზაქარია ბერაძე).

    4. ფოლკლორული  ჯგუფი „ოდილა“  (ხელმ. იუზა  ბერაძე).

    5. ვაჟთა  ვოკალური ანსამბლი (ხელმ. გიორგი ჩოგოვაძე).

    6. თოჯინების  თეატრი (რეჟ. ირინე  ჩხეიძე).

    7. ხალხური  რეწვის  წრე ( ხელ. ირმა  ბუაჩიძე).

    8. ხალხური საკრავთა ( ფანდური, ჩონგური) შემსწავლელი  წრე (ხელმ. თამილა  კირთაძე).

    9. მხატვრული  კითხვის  შემსწავლელი  წრე ( ხელმ. ბიჭიკო  მაისურაძე).

    აღსანიშნავია  კულტურის   ცენტრის  შემოქმედებითი  კოლექტივების  ნაყოფიერი  მუშაობა.  2012  წელს   გამართულ  იმერეთის  თეატრალურ  ფესტივალზე  სახალხო  თეატრის  სპექტაკლმა  „ თანამდევი  სული“  გრან-პრი  დაიმსახურა. იმავე სპექტაკლით  თეატრის დასი  იმყოფებოდა  თურქეთში  საერთაშორისო  თეატრალურ  ფესტივალზე, სადაც ასევე გრან-პრის  მფლობელი გახლდა. 2014  წლის მაისში  თეატრი  იმყოფებოდა  ბელგიაში, ქ. ბრიუსელში.

     წარმატებით  მოაღაწეობს  ქორეოგრაფიული ანსამბლი „ უბისი“. იგი  მრავალი  რესპუბლიკური  ფესტივალის  ლაურეატია. 2013  წელს  საქართველოს  ქორეოგრაფიის  მოღვაწეთა  კავშირის დადგენილებით  ანსამბლს  მიენიჭა  საბავშო, სანიმუშო, სახალხო  ქორეოგრაფიული  ანსამბლის  წოდება, ხოლო 2015 წ. მარტში  ანსამბლის  მთავარ  ქორეოგრაფს  ზაზა ლურსმანაშვილს  წარმატებული   შემოქმედებითი  მოღვაწეობას,  ქორეოგრაფიის  ხელოვნების  განვითარებაში  შეტანილი  წვლილისა  და კავშირის  საქმიანობაში შეტანილი მონაწილეობისათვის დაჯილდოვდა  საქართველოს  ქორეოგრაფიის  ამაგდარის  ორდენით.ანსამბლმა მონაწილეობა მიიღო  კულტურის  სამინისტროს  მიერ  განხორციელებულ პროექტში  „ჩემი  საქართველოს  აქ  არის“.

    2009 წელს ანსამბლის  ქორეოგრაფ  ზაზა  ლურსმანაშვილის  ინიციატივით  დაარსდა ქორეოგრაფიული ფესტივალი  „ კიდევაც  დაიზრდებიან“, რომელშიც  მონაწილეობენ  მუნიციპალიტეტში  არსებული  ქორეოგრაფიული  სტუდიები.

    2014 წლის  აგვისტოში  ბულგარეთში  გამართულ  ხელოვნების  საერთაშორისო  ფესტივალზე ხალხური  სიმღერის  ანსამბლმა  გრან-პრი მოიპოვა.

    თოჯინების თეატრმა  არაერთი  საპექტაკლი  განახორციელა. აღსანიშნავია, რომ სპექტაკლები  ნაჩვენები  იქნება  მუნიციპალიტეტის  თითქმის  ყველა  ტერიტორიულ  ერთეულში. 2014 წელს  თოჯინების თეატრი  მონაწილეობდა  ხელვაჩაურში  გამართულ თოჯინების თეატრების  რესპუბლიკურ  ფესტივალში „ტიკინები“, სადაც  საყოველთაო მოწონება და აღიარება დაიმსახურა.

    ფოლკლორული ჯგუფი „ოდილა“  ფოლკლორის სახელმწიფო  პრემიის  ლაურეატია. 1988 წელს  ხალხური  სიმღერის  ფესტივალზე  „სულიკო 88“ „ოდილამ“ ტელევიზიის მთავარი პრიზი მოიპოვა. ანსამბლის შემქნელი  და  სულისჩამდგმელი  გახლდათ  აწ  განსავენებული  სულიკო  ციმაკურიძე.  ანსამბლში სხვადასხვა დროს მღეროდნენ ნოდარ ბერაძე, იური ჩხიკვაძე, ბორის ზვიადაძე, იუზა ბერაძე, ომარი  კვარაკვახიძე,  სამსონ  ავალიშვილი,დუტუ გიორგაძე.

    სასიამოვნო სიახლეა ვაჟთა ვოკალური ანსამბლი,რომელიც  ძირითადად  ქალაქურ   სიმღერებს ასრულებენ. ანსამბლის ერთგვარ  სავიზიტო  ბარათად იქცა სიმღერა „ოდა  ხარაგაულს“(მუსიკისა და ტექსტის ავტორი დალი მერაბიშვილი),რომლის პრემიერაც საზოგადოებრივ მაუწყებლობის გადაცემაში „ეტალონი“ შედგა. 2014 წელს გამართულ „ვარინკობის“ დღესასწაულის ფარგლებში გამართულ სიმღერის ფესტივალზე თეა ჯანიაშვილმა მეორე ადგილი დაიკავა.

    კულტურის ცენტრის შემოქმედებით  წრეებში გაერთიანებულია 60 მოსწავლე. წრეებში  მეცადინეობა უფასოა. შემოქმედებითი  წრეების წევრები  აქტიურად  მონაწილეობენ  როგორც  კულტურის ცენტრის  შიდა,ასევე  მუნიციპალიტეტში გამართულ სხვადასხვა ღონისძიებებსი.

    ხარაგაულის კულტურის ცენტრი თანამშრომლობს კულტურული  მიმართულების სხვა  ა.(ა).ი.პ  დაწესებულებებთან. კულტურის ცენტრის თანამშრომელთა  მონაწილეობით ტარდება ხარაგაულში ყველა ღირსშესანიშნავი  კულტურული ღონისძიება.

    კულტურის ცენტრი კვლავაც აქტიურად განაგრძობს მუშაობას იმ ბრწყინვალე კულტურული ტრადიციების გასაგრძელებლად,რითაც სამართლიანად ამაყობს ხარაგაული.

     

     

    ვალუტის კურსი
    2.4864
    2.9344
    3.2753
  • ადმინისტრაციის შესახებ
  • ანსამბლი უბისი
  • ფოლკლორული ანსამბლი კახორი
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი