{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • ლექსები ხარაგაულზე

    მახსოვს ხარაგაულის

    სევდიანი სადგური,

    მისი ყრუ სამკაული–

    აცვივნული აგური.

    უშფოთველი ცხოვრება,

    წყნარი, როგორც გუგული;

    მესმის მოახლოებულ

    ორთქმავალის გუგუნი.

     

     

       მატარებელში

     

    მთები აჭრელდა, როგორც ჟირაფი,

    მატარებელი მიჰქრის ბინდებად,

    ახლა იწყება წიფის გვირაბი,

    თქვენ ხომ არაფრის შეგეშინდებათ?

    გალაკტიონ ტაბიძე

     

     

    რიკოთზე

    ცხენს ტალახში დარჩა ნალი

    გზა დამითმეს ქედებმა,–

    ქარი როგორც მაჭანკალი,

    ღობე–ყორეს ედება.

    რომ შემეძლოს ვიმღერებდი,

    ვხარობ სულით     ხორცამდი,–

    ჭიშკარს მიღებს იმერეთი,

    მესმის მისი „მობრძანდი“,

    რომ წავიდე, სად წავიდე,

    არის ახლა ამის დრო,–

    მიდგმული აქვს  ცაზე კიბე

    და ყურძენს კრეფს არისტო.

    ლაპარაკი მინდა, მაგრამ

    აქ ვინ გაცლის ლაპარაკს,

    წყალს ვითხოვ  და წყლის მაგივრად

    ღვინო მოაქვთ ...“აპა, რა“

    ცაზე ყრია ვარსკვლავები,

    ვით ღვთის გობზე ქვირითი,–

    ნეტა, კიდევ ისმის სადმე

    ასე ტკბილი „მიირთვი“!,

    ჭინჭილაზე მრჩება თვალი,

    რწმენა ვარ და ნუგეში,–

    მთვარე, როგორც პატარძალი,

    იმალება ღრუბლებში.

     

    მოლითი

    მიყვარს სადგური მოლითი,

    მთვარის სინათლით მთვრალი,

    მისი ძეწნა და კოპიტი,

    მისი წვიმა და ქარი.

    ვრჩები სულ რაღაც ორი დღით,

    მრჩება ჭიშკრისკენ თვალი,–

    ლექსის წერის დროს მოგიკვდით,

    მთვარეს არ დასდოთ ბრალი!

    მორის ფოცხიშვილი

     

    ....

     

    გამოჰქცევია კაცი

    დროს და ეპოქას თვისას,

    წარბშეკრული და მკაცრი

    თავს მარტოობით იცავს.

    არც გაზეთს ელის შენსას,

    არც დღიურს ელის ფოსტას,

    ალბათ კარტოფილს თესავს,

    ტყიურს სჯერდება ბოსტანს.

    ოჰ, გაბუტულო ქოხო,

    მდგმურო ტყიური სახლის,

    გამოჰქცევიხარ როგორ,

    ქვეყნის ხმაურს და ძახილს?!

    კი! მეც ვიფიქრე გაცლა!

    კი! გადავწყვიტე ბევრჯერ!

    მე ვერ შევიძელ, მკაცრად

    რაც გლეხმა კაცმა შესძელ...

    რკინის ბორბალი სხლტება,

    მატარებელი მიჰქრის,

    ქოხი ზურგსუკან რჩება,

    მივალ, მიმყვება ფიქრი;

    ათი ჩაივლის წელი,

    ოციც ჩაივლის წვრილად,

    ნაოცნებარი წრფელი

    გამახსენდება ხშირად–

    ხარაგოულის ახლოს

    ტყეა, შესული ხნეში,

    კაცი იმერი სახლობს

    კენტად–უსიერ ტყეში

     

     

    ...

    იწივლებს რკინის ვეშაპი

    და წიფის გვირაბის გამოხრავს:

    ლიხის მთას ქოხი ჰკიდია,

    ქოხი სიზმრისას  ჩამოჰგავს.

    უცბად–ღრუბლებში თითია,

    ყმაწვილ ქალს ჩვილი გამოჰყავს:

    ქოხთან პაწია ყანაა,

    ვიღაც წალდს ლბილზე ჩამოჰკრავს...

    ვინც მაგ სახლაკის მამაა,

    ვინც მაგ ყანუკას გამოხნავს,

    ან იმას რა დააბარებს,

    ან თუ დაბერდა–რა მოკლავს!

     

     

    ...

    ბორბლის ხმაური წყდება

    და გამთენიის ბნელში

    მატარებელი დგება

    თოვლის გასუდრულ ტყეში.

    „სად ვართ“–ვკითხულობ წყენით,_

    რა გვჭირს, შვჩერდით რისთვის?!“–

    სარკმელს მომდგარან ხენი,

    ღამე–ცხენივით გვიცდის...

    ვდგავართ ხეობის ფსკერზე,

    თოვლი შრიალით ბარდნის,

    გამოკიდულან მთებზე

    ვერცხლის ტყეები  ზამთრის.

    შევხარით ძელქვის ოლეს,

    ვხვდები, მიხარის, მიკვირს–

    ორ საქართველოს შორის

     ეს ხომ მთა არის  ლიხის!

    და, უცბად,  ვერცხლის ტყეში,–

    ჰგავს სიზმრისას და არც ჰგავს,–

    კვამლი ამოდის მრეში,

    იმერულს ვხედავ ჯარგვალს...

    მურმან ლებანიძე

     

    ...

    ხარაგაულს

    ხან ოცნება გამრიყავს–

    შენში ასე რა მიყვარს...

    შენს შეხვედრას რად ველი

    რა მაქვს შენთვის სათქმელი?

    მიყვარს ტკბილი, სათუთი

    შენი ჰანგის ნოტები,

    ჩემი ნედლი კვირტებით

    სავსე შენი ტოტები.

    კვლავ შენსკენ გამორბიან

    ოცნებები ურჩები,

    სიყრმის ბაირაღებით

    მოგიქარგავს ქუჩები.

    სიხარულით აფეთქდა

    დანაღმული ბავშვობა,

    თუმცა უკვე გაფრინდა,

    რა ხანია დამშორდა;

    ხარ ოცნების სათავე

    ღიმილი და იმედი,

    და მიყვარხარ, რაც იყავ,

    რაც ხარ, სწორედ ისეთი.

    დუმილს რიდე ავხადე

    ღირსეულად დაგხატე?

    გული მძევლად გიბოძო?

    კი ბატონო, ახლავე!

    სიყვარულში იცოდე

    ნურასდროს ნუ დამზოგავ,

    მხოლოდ თვალისჩინივით

    შემინახე ბავშვობა.

     

     

    ხარაგაულს

    მომენატრები და მოვალ შენთან

    დაღლილ ოცნებას გაგიფენ გზაზე,

    ხომ გახსოვს ის დღე,

    გზა დამილოცე

    იმედითა და ოცნებით სავსე.

    ჩემი ბავშვობის ბაირაღები

    შორს გადამალეს დროის ქარებმა,

    მომნატრებიხარ, მოვსულვარ ისევ

    მორჩილად ვდგავარ მე შენს კარებთან.

    დიდი სიკეთის იმ გაკვეთილებს

    შენ, რომ მასწავლე, ვფურცლავ თავიდან,

    ხომ ყველაფერი კარგად ვისწავლე

    ისევ ვიხსენებ ანა–ბანიდან.

    მარტო სიკეთეს, რომ მასწავლიდი

     

    ბოროტების წინ რა მექნა, გეთქვა!

    იმ ცრემელების და სევდის ამბავი

    უერთგულესო,  შენ იცი ერთმა...

    ზოგჯერ სიყვარულს და ერთგულებას

    უგულობით და სიცივით კლავენ,

    შენ კი მასწავლე და მე მეგონა

    გულში ცადაწვდილ ძეგლს  დაუდგამდნენ.

    მოვდივარ შენთან და ჩემს გამოცდას

    მე კვლავ გაბარებ განვლილი გზისას,

    გულისფანცქალით კვლავ გელოდები

    ახლა დამიწერ ნეტავ რა ნიშანს.

    გზას გავლილს ჩემსასვით საკონტროლოს

    კითხულობ, ფიქრობ, იქნება შევცდი,

    ნუ გამისწორებ–სიყვარულს ჩემსას

    ვეღარასოდეს ვერაფრით შეცვლი.

    მომენატრები და მოვალ შენთან,

    დაღლილი, მხარზე დაგადებ სახეს,

    და გავიხსენებ იმ დღეს, როდესაც

    გზა დამილოცე იმედით სავსე.

     

    ლინა ბარათაშვილი

     

    ამ მთასა და იმ მთას შუა თითქოს უფალს გაუვლია,

    წალკოტს იქით წალკოტია, გაღმა ხარაგაულია.

    მართლა უცხო სამზეროა, ტყემნის ბევრი ფთილებია

    იმერეთი გვეტკინა და თვალში წამოგვკიდებია.

    ისე მკაცრი სიცხადეა, ისე სუფთა ნათელია

    ვფიქრობ , ღრუბლის თეთრი არვე ქართლზეც გადამადენია.

    მეუბნები–სამოთხეა, გეუბნმები ედემია,

    ხედებია იმოდენა თვალში ვეღარ ეტევიან.

    ისე თითო აპრილია, საბნად ნისლი აფარია,

    მეუბმები სიზმარია–, გეუბნები, ზღაპარია!

    ამ მთასა და იმ მთას შუა, თითქოს უფალს გაუვლია,

    წალკოტს იქით წალკოტია, გაღმა ხარაგოულია.

     

    ირაკლი ბაზაძე

    ....

    ოცნებას იქით დარჩა ოცნება,

    შორი თბილისის შფოთი ქუჩებით,

    დამრჩა სალექსოდ და საკოცნელად

    ჩემი ბოჩოლას სველი ტუჩები.

    შორეულ დღეთა მესმის ჩურჩული,

    როცა ბულბული უსტვენს იადონს,

    როცა ჭრელი და თვალდახუჭული,

    ყივის მამალი საგანთიადოს .

    კვლავ მიბღაოდა დილას ნახირი

    მწვანე ფერდობზე ჩაბალახებით,

    დილა მობრძანდა და მოიხადეს

    ქედებმა ნისლი ჩაბალახები.

    მე კი ამ სერზე ისევ მარტო ვარ

    ჩემი უმიზნო შორი მიზნებით,

    ოცნების მეტმა ყველამ დამტოვა

    და მეც ოცნებას შევეხიზნები.

    ვიცი, არა ვარ მე დამნაშავე,

    რად მომჩხავიან ავი ტურები?!

    ვწევარ მინდორში, როგორც ფრთაშავი,

    ავსილი დიდის საყვედურებით.

    დარდს ვის გავუყოფ, არ მყავს ამყოლი

    და ბედს მივყვები ბრმა ნაბიჯებით,

    მაგრამ აქ მყავნან ლხინის გამყოფი,

    ღუდუმექედის მწყემსი ბიჭები.

    ოცნების იქით დამრჩა  ოცნება,

    შორი თბილისის შფოთი ქუჩებით,

    დამრჩა სალაექსოდ და საკოცნელად

    ჩემი ბოჩოლას სველი ტუჩები.

    რეზო თაბუკაშვილი

     

    ხარაგაულს

    მზე ათბობს და მზე ანათებს

    ყვავილს, ედენ–ბაღში ჩარგულს,

    სხვას ვერაფერს შევადარებ

    კოკროჭინა ხარაგაულს.

    იმერეთის სიამაყეს,

    ლიხის ქედით გალაღებულს,

    ღვთით ნაბოძებ სილამაზეს

    სიყვარულად გაავდრებულს.

    ვახანის და ნებოძირის

    ციხე–კოშკებს აცრემლებულს,

    ტყეებს შქერით, წყავით, ბაძგით

    და წიფლნარით დამშვენებულს.

    იქ ნამღერებ იავნანას,

    ნიჭიერი ხალხით ქებულს,

    ჩხერიმელას ძირულასთან

    საალერსოდ ჩახუტებულს.

    სულით მდიდარს, კეთილს, ამაყს,

    იმერული პეწით განთქმულს,

    ყაისნაღით ნაქსოვ–ნაქარგს

    უფლის ნაკრძალს–ხარაგაულს.

     

     ხარაგაულოში

                         იზა ვეფხვაძეს

    ხარაგაულში, კულტურის სახლი

    და იმერლებით სავსე დარბაზი,

    სცენაზე ნიჭი ნავარდობს  ლაღად

    სილამაზესთან ნაქსოვ–ნაქარგი.

    გარვივებული, გულით გამთბარი,

    ცეცხლად ინთება  სიტყვის ღადარი,

    აგერ მწერალიც, თვით მთის სადარი

    ლიხი რა არის, ლიხზე მაღალი.

    სასწაულს ახდენს პატარა ქალი,

    გვირაბი გაჭრა წიფისმაგვარი

    და ჩაახუტა  მკითხველს მწერალი

    მზეშერეული სიტყვის მარაგით.

    მოსაღამოვდა, დაწნულ დალალით

    მზე ჩასასვლელად თითქმის მზად არის,

    დარბაზს ეახლა,მიზეზს ამ დარის,

    შემოახვია ოქროს ნაბადი.

    იმერულ პეწით გაშლილი სუფრა,

    სუფრაზე სიტყვა თქმული აზარტით...

    არ მოეშოროს იმერეთს ჩემსას–

    ეს სიყვარული, შნო და ლაზათი.

     

    ოდა ხარაგაულს

    თუ გსურთ იმერეთის ხილვა,

    შორგზით რომ არ შეწუხდეთ,

    სანამ შორაპანში მიხვალთ

    ხარაგაულს ესტუმრეთ.

    საზღაპრეთი ქალაქია,

    პატარა და დიდგულა,

    სიყვარულით ეფერება ჩხერიმელას ძირულა.

    ციხე–კოშკებს ღამენათევთ

    თავის სიტყვა უთქვიათ,

    სალოცავებს, წმინდა ხატებს

    კვლავ სანთლები უნთიათ.

    სტუმრობა და მასპინძლობა

    რაღა დასაფიცია,

    იმერეთს, რომ ეკადრება,

    იმაირი იციან.

    ოქტომბერში ცაივლით და

    საპოვნელას დაგიკრეფთ,

    არა მგონი წყენად დარჩეთ

    მინდვრის ლამაზ ყვავილებს.

    აქ პაწია, თბილ ბუდეში,

    მთელი ქვეყნის სამზირლად,

    საქართველოს საამაყო

    არწივები გაზრდილან.

    საზღაპრეთი ქალაქია,

    ალამაზებს იმერეთს,

    ესტუმრეთ და უეჭვცელად

    სიყვარულზე გიმღერებთ.

    –მზეგრძელობა ხარაგაულს,

    ხარაგაულს დიდება,

    არ მოშორდეს ქალაქ ზღაპრულს

    სიყვარულზე სიმღერა.

     

    თამაზ სანებლიძე

    ზვარეს

    ვინ მიღვიძებს ტკივილს,

    ვინ მირეკავს მოგონების დამუნჯებულ ზარებს,

    თუ ოდესმე ამიჩქარდა გული

    მოვაკითხავ ზვარეს...

    სიხარული მხოლოდ

    გაამართლებს ჩემი სულის ნაპრალებს და ბზარებს,

    თუ ოდესმე მომენატრა ზეცა ,

    მოვაკითხავ ზვარეს...

    მოვარდება ქარი

    და ღრუბელი ჩემთან მოსვლას აღარ დაიზარებს,

    წვიმისფერი განჭვირვალე მძივი

    უციმციმებს ზვარეს...

    გამართლება ჰქონდა

    ჩემი ზღაპრის სითამამეს, ლექსებსა და სიზმრებს,

    თუ ოდესმე გამიჭირდა სუნთქვა

    მოვაკითხავ ზვარეს...

    გამიღვიძებს ტკივილს

    და მირეკავს ნოგონების დამუნჯებულ ზარებს,

    თუ ოდესმე მომენატრა ზეცა,

    მოვაკითხავ ზვარეს.

    შარლოტა კვანტალიანი

     

    სარგვეში თბილისიდან

    იქ, სარგვეშის აბაშიძეებთან,

    უნაბი ფშატებს შეფოთლებია,

    მწვანე წენგო აქვს მოყვითლებული

    ნიგვზის ზმანებას თეთრ ლებნებიანს.

    ოთახის ცხელი ხვნეშა „შპალიერს“

    ისევ ახუნერბს–ოქროს ფოთლები,

    ქრებიან ფოთლებ ანაორთქლები,

    ვარდის სუნია ისევ ძალიან.

    იძირებიან ძველი წიგნები

    ნერწყვავსებული სიტყვების ძებნით,

    სიმძაღის ფერი სიყვითლის ბურში

    იმ უძველესი სულთქმით და უშით:

    გაბრუებული მტვერი ბრესავით

    მზეში ტრიალებს, ხუფს ვერ იკავებს ,

    კოლოფი ძილში–მძივების სუნით

    აუფუსფუსებს ფუტკრებს ნიკაპებს:

    წვრილ დაშუშრული, ჭია ნაჭამი

    ხე შარიშურობს უჩუმარ–ურცხვად,

    ტახტის საფარზე ქობა აინთო

    მოჩითულ ყვითეკ ალუბლის კრუნჩხვად,

    გადაიღება სარკმლების ჩარჩო,–

    მზეში ჩახჩახებს  ხეთა ბოლქვები,

    საქორიისკენ მიდიან ბერვით

    ქორები შავი გადაქროლებით.

    აყროლებული ანწლის შავ–წითელ

    კოლტებს იფურჩქნის მინდვრის დვრელები

    და გოლიათი სილურჯე აწევს

    ამას ყველაფერს დანამდვილებით.

     

    თეთრი სტუმრები

    ღვთისმშობლობის თეთრი სტუმრები სარგვეშის სერზე,

                                       აბაშიძეთა საჯვარეზე

    (ბებიას სიტყვებს ახლა ფაიფურის ასდის ნელ–გრილი,–

    უძღომლობის, კვლავ ვერაფრით ამის ვერ ნახვის

                                          პატარა თავბრუ)

    ღვთისმშობლის შუქით, ენკენისთვის მზეში სარგვეში

    თბილი კვამლის, როდინების სურნელებით ბლოკავს,

    ფიცრულ ფერდებზე ალაგ–ალაგ სათესლე კონებდაკიდებული.

    სიძველისაგან ნაცრისფრად მბზინავ, სტუმრების თვალს მიფარებულ

    ის ფიცრულ ფერდზე

    ბებიას ოთახს ერთი კიდევ ამოუჭრეს მცირე სარკმელი,

    შუადღის მზეში, როცა სიცხით ვითენთ–ვილევთ,

    ჯერ არ ვახსოვართ, ჯერ სულ სხვაგან საღამოის ნიავი ჰქრიან,

    მარცვალგაცლილი, ყვითელ ყვითელ ტიხრებში ჩაკიდებული ნაზი

    ხრტილებით

    ამ სარკმლის  ქვეშ ტკეპნილ  ბილიკზე ბროწეულის ქერქები ყრია.

    შიგნით ბებიას სპილენძის კვერთხებშეჭედილი საწოლის ანძებს

    ირეკნავს სარკე. მის წინ კოლოფი თუთა–სათითეს, თეთრ ოთხხვრელა

    ღილებს , სადაფს, მალავს მინანქარს,–

    ნემსების ბალიშს, ყუნწები ძაფებს  სხვადასხვაფერ  კუდებად აძვრენს,

    აქ ოთახები უკვე ჭკნობისკენ გადახრილი ვარდების სუნს ტკბილად ინახავს.

    ღვთისმშობლობის  თეთრი სტუმრები

    ხარაგოულით, მარელისით, ლაშით მოდიან,

    სოლომონი, ანა, ნიკოლოზ, ალექსანდრე, სპანდიერ, კიდევ...

    აქ უხვდებიან სვიმონ, გიორგი, პელო, მარიამ,

    სარგვეშის სერზე აბაშიძეთა თეთრი სტუმრები

    სიყვარულის, ახლობლობის მტვერში არიან.

    ვალუტის კურსი
    2.4864
    2.9344
    3.2753
  • გამოჩენილი ადამიანები
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი