{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • დღეს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა ორჯერ ჩაიშალა

     დღეს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს მორიგი სხდომა ჩაშლილად გამოცხადდა. ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტაციამ სხდომის დაწყებამდე განცხადება გააკეთა და  საკრებულოს თავმჯდომარეს ინგა მაღრაძეს დეპუტატ ვარლამ ჭიპაშვილისთვის საჯაროდ ბოდიშის მოხდა მოსთხოვა. მათ განმარტეს, რომ საკრებულოს თავმჯდომარის მხრიდან  ბოდიშის არმოხდის შემთხვევაში პროტესტის ნიშნად უმრავლესობა დარბაზს დატოვებდა.  საკრებულოს უმრავლესობის სახელით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელს კობა ლურსმანაშვილს გაეგზავნა რეკომენდაცია გაატაროს შესსაბამისი ღონისძიება ა(ა)იპ ,,ხარაგაულკეთილმოწყობის“ ხელმძღვანელის, მიხეილ ჭიპაშვილის მიმართ.

    შეგახსენებთ, რომ საკრებულოს დეპუტატი ვარლამ ჭიპაშვილი ა(ა)იპ „ხარაგაულკეთილმოწყობის“ დირექტორის, მიხეილ ჭიპაშვილის მხრიდან ზეწოლის ფაქტებზე საუბრობს, რის შესახებაც 19 ოქტომბრის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე განცხადებაც გააკეთა.

    განცხადებაში ვარლამ ჭიპაშვილმა იმ სიტყვიერ შეურაცხყოფაზე და მუქარაზე ისაუბრა, რომელიც მის მიმართ ა(ა)იპ ,, ხარაგაულკეთილმოწყობის“ დირექტორის, მიხეილ ჭიპაშვილის მხრიდან პერმანენტულად ხორციელდება.  (შეგახსენებთ რომ მიხეილ ჭიპაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის ინგა მაღრაძის მეუღლე და რესპუბლიკური პარტიის ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გახლავთ). დეპუტატი ვარლამ ჭიპაშვილი საკრებულოს თავმჯდომარეს, მიხეილ ჭიპაშვილის წაქეზებაში სდებს ბრალს და ინგა მაღრაძის სიტყვების ციტირებას ახდენს: „ძალიან კარგი თუ შეგაგინა, შენ ყოველდღე ხარ სალაწუნო“. ვარლამ ჭიპაშვილმა ზეწოლის ფაქტების გამოაშკარავების შემდეგ  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელს თხოვნით მიმართა,  რეაგირება მოეხდინა  მომხდართან დაკავშირებით.

    საკრებულოს თავმჯდომარემ, ინგა მაღრაძემ ფრაქცია ,,ქართულო ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მოთხოვნაზე - საჯაროდ მოეხადა ბოდიში დეპუტატისთვის - უარი განაცხადა, რის შემდეგაც უმრავლესობამ დარბაზი დატოვა. ქვორუმის არარსებობის გამო საკრებულოს თავმჯდომარემ სხდომა ჩაშლილად გამოაცხადა.

    აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძე:

    „ვფიქრობ, რომ ჩემი მხრიდან რაიმე სახის გადაჭარბება არ ყოფილა, პირიქით, ყოველთვის სამართლიანობისადმი საკმაოდ პრინციპული მიდგომები მაქვს. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რაც არ ყოფილა იმაზე ბოდიშს ვერ მოვიხდი. ფრაქციის სახელით გაკეთებულ მოთხოვნაზე  ხაზგასმით გავაკეთე განმარტება:  ,,საჯარო მოხელეს  შინაგანი კულტურა უნდა ჰქონდეს, ზრდილობა, წესი, რომელსაც უნდა იცავდეს. ვარლამ ჭიპაშვილის მხრიდან ჩვენ მუდმივად ვხდებით ამ ეთიკური ნორმების დარღვევის მსხვერპლნი. ის არ უსმენს, მისი მუდმივი მცდელობაა მხოლოდ მან ისაუბროს, ჰქონდეს რაღაც საკითხებზე  „თავისი აზრი, თავისი პოზიცია“,  მუდმივად არღვევს წესრიგს და არ ითვალისწინებს რეგლამენტის წესებს.  ეს მისი მხრიდან მრავალჯერადი ქმედებაა.  ვფიქრობ, რომ სწორედ ეს არის ზეწოლა, განსაკუთრებით, საკრებულოს თავმჯდომარისადმი, რომელიც პასუხისმგებელია სხდომის მსვლელობაზე.  შესაძლოა ჩემი მხრიდან იყო ასეთი გამონათქვამი, მაგრამ  მე არ ვფიქრობ, რომ ამით კანონი დავარღვიე, ან ვინმეს უფლებები  შევზღუდე.  ეს არ იყო საჯარო სხდომაზე გაკეთებული მოწოდება, ეს იყო ორი ადამიანის ურთიერთობა, რისი ჩანაწერიც თუ არსებობს შეუძლიათ გამოაქვეყნონ. ბუნებრივია, რაც არ ჩამიდენია, იმაზე ბოდიშის  მოხდას არ ვაპირებ და პროვოკაციულ და არაადექვატურ ქმედებებს, რომელსაც საკრებულოში აქვს ადგილი, ვერ ავყვები.“

    რაც შეეხება მიხეილ ჭიპაშვილსა და ვარლამ ჭიპაშვილს შორის მომხდარ ინციდენტს, რომელიც  ა (ა)იპ ,,ხარაგაულკეთილმოწყობის“ მიერ ბაზალეთში გარე განათების მოწყობის სამუშაოებს უკავშირდება,  მე თავად ვურჩიე ვარლამ ჭიპაშვილს,თუ მის მიმართ ა(ა)იპ -ის დირექტორის მხრიდან, რაიმე ძალადობას ჰქონდა ადგილი მიემართა სამართალდამცავი ორგანოებისთვის. ვფიქრობ, გამგებელი დაელოდება სამართალდამცავი ორგანოების მიერ მიღებულ გადადწყვეტილებას და, თუ ა(ა)იპ -ის დირექტორის მხრიდან  საკრებულოს წევრზე ძალადობისა და ზეწოლის ფაქტი დადასტურდება,  გამგებელი თავად მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას“.

    საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით საკრებულოს სხდომა ხვალ დილის 10 საათზე გაიმართება.

     

    2 ნოემბერი 2015

    ნანახია: 1635 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი