{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • სარგვეში

     

    გამგებლის წარმომადგენელი  სარგვეშის ადმინისტრაციულ ერთეულში - ამირან კამკამიძე

    ტელ :595457892

     

    ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორია – 1419 . 21 ჰა.

    მოსახლეობა – 28 კომლი 662 მცხოვრებით.

    მანძილი ხარაგაულიდან საკრებულოს ცენტრამდე – 11კმ.

    ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლები: სარგვეში, ხორითი, საბე, წითელი ხევი, მიროწმინდა.

    ადმინისტრაციული ცენტრი – სარგვეში.

    სარგვეში –მდებარეობსმდინარე ყარნების (მდინარე ჩხერიმელას მარჯვენა შენაკადი) მარჯვენა ნაპირზე. ზ.დ. 560მ. ხარაგაულიდან 11კმ.

    ისტორიულ წყაროებში სოფელი პირველად მოხსენიება XVIII ს–ში. 1772 წლის გიულდენშტენდტის აღწერილობით მდინარე ჩხერიმელასა და მის შენაკადებზე გაშენებული სოფლებიდან ერთ – ერთი სარგვეშია მოხსენიებული.

    სოფლის სახელწოდების შესახებ მეცნიერული წყარო არ არსებობს, სოფელში გავრცელებული თქმულება კი ასეთია: ამ ტერიტორიაზე უხვად იშოვებოდა სარები, რის გამოც მეზობელი სოფლებიდანაც კი მოდიოდნენ მოსაჭრელად. მეორე ვერსიით, სოფლის სახელწოდება მეგრული წარმოშობის უნდა იყოს. ,,სარ“– სალეს ქვას ნიშნავს, ხოლო ,,გვე“ ნახევარს, სარგვეშის ტერიტორიაზე მართლაც არის ქვის ქანები, რომელსაც მოსახლეობა სალესად ხმარობს.

    1917 წელს, მიწის სამუშაოების დროს, სარგვეშში შემთხვევით აღმოაჩინეს განძი, რომელიც III ს.თარიღდება და ,,სარგვეშის განძის“ სახელწოდებით არის ცნობილი. იგი შეიცავს ვერცხლის ბარძიმს, ოქროს სხვადსხვა ფორმის 3 ბეჭედს, თვლებით ინკრუსტრირებულ სამაჯურს, ოქროს ხატისუღელს და ვერცხლის კოვზს.

    განსაკუთრებით საინტერესოა ვერცხლის ბარძიმი, რომელზეც სასაიანთა დინასტიის მეფეთ მეფე ბაჰრამ (ვარაჰრან) II,მისი მეუღლე და ტახტის მემკვიდრეა გამოსახული. ბარძიმი ჩვენამდე მოღწეული სასანური ტორევტიკის ერთადერთი ნიმუშია, რომელზეც შაჰისა და მისი ოჯახის წევრების პორტრეტებია მოცემული. იგი თარიღდება 283–293 წლებით. იგი უნიკალურია და ანალოგი არ მოეპოვება თვით ირანშიც.

    სარგვეშის  თასი  შედიოდა  1921 წელს საქართველოდან გატანილ ეროვნულ საგანძურში. ამჟამად სარგვეშის განძი დაცულია საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში.

    სოფელში არის ,,ქაშვეთის“ წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია. იგი აგებულია 1885 წელს ორი ბერძენი ხუროთმოძღვრის მიერ. ადრე, თურმე, ეკლესიას ამშვენებდა წმინდა გიორგის და მარიამ ღვთისმშობლის  მოოქროვილი ხატები. ეკლესიაში ყოფილა საუცხოო ჭაღი. ჟამთა სიავისა და მძიმე წლების გამო ეკლესია გაიძარცვა , განადგურდა და რამდენიმე კედლის ნაშთიღა დარჩა. 2001 წელს ეკლესია კვლავ აღდგა.

    სარგვეშის ისტორიული წარსულის შესახებ წარმოდგენას გვაძლევს სოფელში გავრცელებული გეოგრაფიული ტოპონიმები: საკვირაო, ნინოს ნალოგინარი, კაკულიას გორა, საბერო კლდე, ცხრაკლიტული, ოხნარი, საზვინეები, საყვავეების ტყე, ორჭაო კლდე, მადალაურის, კოშკის, გომურის წყაროები და სხვა.

    სოფელზე მიედინება მდინარე ყარნება.მდინარის სახელწოდება დაკავშირებულია სოფელ სარგვეშის მიდამოებში, მდინარის მახლობლად მომხდარ ბრძოლასთან, რომელიც ოსმალთა და ქართველთა შორის გამართულა.გადმოცემის თანახმად, ბრძოლის ველზე, გვამებს ყორნები დასევია. ხშირი წვიმების შედეგად მდინარე ადიდებულა და ყორნებით ავსებულა.მოსახლეობას ყორნებით სავსე მდინარისათვის ,,ყორნება“ უწოდებია,დროთა განმავლობაში სახელმა ცვლილება განიცადა .

    სოფელ სარგვეშის სამხრეთ–დასავლეთით მდებარეობსადგილი, რომელსაც ,,საკვირაოს“ ეძახიან. ადრე იქ დიდი მუხა მდგარა. ხალხის რწმენით, ვინც ხეს მოჭრიდა, ღვთის რისხვას ვერ გადაურჩებოდა.ხალხს სწამდა რომ მუხა ყოვლისშემძლე იყო, ამიტომაც ყოველ კვირა დრეს იკრიბებოდნენ, სანთლებს ანთებდნენ და თაყვანს სცემდნენ. ახლა სოფელში მუხა აღარ დგას, 800 წლოვანი ხე ერთ კაცს მოუჭრია, რომელიც დაბრმავებულა. ადგილს კი დღემდე  ძველი სახელწოდება – ,,საკვირაო“ ჰქვია.

    ლეკიანობის დროს სოფლის მოსახლეობას კლდეში გამოუკვეთია ცხრა ოთახი.ერთ–ერთი შემოსევის დროს ლეკებს სოფელი ცარიელი დახვედრიათ. ვიღაცის დასმენით მიუგნიათ კლდისათვის, სადაც სოფელი იყო გახიზნული და მთელი მიდამო  ცეცხლისთვის მიუციათ. ცეცხლს ახლო–მახლო ტერიტორია გადაუწვავს , კლდე მხოლოდ გაუწითლებია, მოსახლეობისათვის კი ვერაფერი დაუკლია.ამ ადგილს დღემდე შემორჩა ,,ცხრაკლიტულის“ სახელწოდება.

    გადმოცემის თანახმად , სარგვეშში , კლდეში გამოკვეთილ სენაკებში ცხოვრობდა გადმოხვეწილი ბერი. მისი სიმდიდრე იყო კლდეში გამოკვეთილი ჯვარი, ქვის საწოლი და შუა ცეცხლი. არაინ იცის ბერი საიდან მოხვდა სოფელში, ან რამდენ ხანს გაგრძელდა მისი კლდეში ცხოვრება. იმ ადგილს კი დღემდე ,,საბერო კლდეს“ ეძახიან.

    საინტერესოა ოხნარის კლდეში დღემდე შემორჩენილი ჭურების, სათოფურებისა და ჩამონგრეული გამოქვაბულის სამი ოთახის არსებობა. ჭურების შესახებ ამბობენ , რომ ლეკიანობის დროს მასში წყალს ინახავდა გამოქვაბულში შეხიზნული ხალხი. ვარაუდობენ, რომ სწორედ ამ კლდეში გადიოდა გზა მეზობელი სოფლების, ღორეშისა და საბის გვირაბებიდან, ზოგი იმასაც ვარაუდობს, რომ ეს გამოქვაბული ხარაგაულის ,,დევის ხვრელის“ გამოქვაბულს უკავშირდებოდა.

    სარგვეშში მაისის თვის პირველ შაბათს აღნიშნავენ ,,ხვიჩაობას“, რომელიც ეძღვნება ამ სოფლის მკვიდრს, აფხაზეთის ომში დაღუპულ – ხვიჩა მუმლაძის ხსოვნას.

    ხორითიმდებარეობს მდინარე ხორითულისა და ივანოურის შუამდინარეთში. ზ.დ. 540 მ.ხარაგაულიდან 11კმ.

    სოფელში არის განვითარებული შუა საუკუნეების ,,ღვთაების“ ეკლესიის ნანგრევები და წმ. გიორგის XVIII ს. ეკლესია.

    ცნობილია ხორითის მარმარილოსებრი კირქვების საბადო.

    ხარაგაულის რაიონშიგახსნილ სკოლათაგან ერთ–ერთი უძველესი იყო ხორითის სკოლა, რომელიც 1893 წელს გაიხსნა.

    წითელი ხევი –  მდებარეობს მდინარე ყარნების ხეობაში, ზ.დ. 560 მ. ხარაგაულიდან 7კმ.

    მირონწმინდა – მდებარეობს მდ. ყარნების ხეობაში. ზ.დ. 560მ.ხარაგაულიდან 6კმ.

    სოფელში არის ,,მიროწმინდის“ წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის ნანგრევები. ისტორიკოს გიორგი ბოჭოიძის აღწერით იგი ერთნავიანი ბაზილიკა ყოფილა, 15×5 არშინი, რომელსაც დასავლეთით მიშენებული ჰქონია საქალებო. სამხრეთით და ჩრდილოეთით ჰქონია ეკვტრები. ეკლესია ნაშენი ყოფილა შირიმის ქვისა და კირისაგან. შიგნით იგი მოხატული ყოფილა, მაგრამ 1900 – იან წლებში შეულესავთ.

    გასული საუკუნის 30 – იან წლებში ,,აქტივისტ“ კომუნისტებს ეკლესია დაუნგრევიათ და დღეს მხოლოდ ნანგრევებია შემორჩენილი.

    ხარაგაულიდან სოფლისაკენ მიმავალი გზა მოქნეული მათრახივით ეხვევა ლამაზ, ხუჭუჭა მთას და მყუდრო, ულამაზესი გარემოთი და ეზოებით დამშვენებულ სოფელში შედის ცასთან სულ ახლოს. სწორედ ამ ზღაპრული სილამაზისა და უფლის წყალობის გამო ეწოდა სოფელს მიროწმინდა.

    საბე – მდებარეობს  მდინარე ყარნების მარჯვენა მხარეს.ზ.დ. 500მ. ხარაგაულიდან 13 კმ.

    სოფლის მშვენებაა ხანდების ქვით ნაგები დარბაზული ტიპის წმ. გიორგის სახელობის ეკლესია ( XVIII).

    საბეში, ზეკვადას უბანში, არის უნიკალური თვისებების მქონე მიწა, რომელიც გამოიყენება საპნების , შამპუნების,კრემების,ჭურჭლის ჟელეების დასამზადებლად, ხოლო ვარძანეთის უბანში არის სამკურნალო წყალი, რომელსაც კანის დაავადებების სამკურნალოდ იყენებენ.

    საკრებულოში გავრცელებული გვარებია : ასათიანი, ბუხნიკაშვილი, ბაბლიძე, გელაძე, გლუნჩაძე, გობიანი, გრძელიძე, დევდარიანი, ვეფხვაძე, კალანდაძე, კვირიკაშვილი, მაჭავარიანი, მაღლაფერიძე, ნავაძე, ნიკოლეიშვილი, რევაზიშვილი, ფანცულაია, ღონღაძე, შერგელაშვილი,ჩიკვაიძე, ცისკაძე, ციცვიძე, ხვედელიძე.

    ვალუტის კურსი
    2.4864
    2.9344
    3.2753
  • დაბა ხარაგაული
  • ბაზალეთი
  • ბორითი
  • ვარძია
  • ვახანი
  • ზვარე
  • კიცხი
  • ლაშე
  • ლეღვანი
  • მოლითი
  • ნადაბური
  • საღანძილე
  • ფარცხნალი
  • ღორეშა
  • წიფა
  • წყალაფორეთი
  • ხევი
  • ხიდარი
  • ხუნევი
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი