{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • ტურისტული მარშრუტები


    ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტურისტული მარშრუტების ქსელი ერთი და მრავალდღიანი ლაშქრობების საშუალებას იძლევა. ტურისტული მარშრუტების ქსელი 400მ-დან 2,642მ-ს აღწევს. ბილიკები მარკირებული და კეთილმოწყობილია. ბილიკების გასწვრივ მოწყობილია ტურისტული თავშესაფრები, საპიკნიკე და საკემპინგე ადგილები. ასევე გამოყოფილია ადგილები ცეცხლის დასანთებად. ეროვნული პარკი ვიზიტორებს თავაზობს სალაშქრო, საცხენოსნო, ველო, თოვლის ფეხსაცმელების კულტურულ და საგანმანათლებლო ტურებს. პარკის მარშრუტები მთელი წლის განმავლობაში ფუნქციონირებს.
    გიდის, ცხენის და ადგილობრივი ტრანსპორტის ორგანიზებაში დაგეხმარებათ ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრი.
    ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში 11 ბილიკია, რომლებიც მოეწყო გერმანიის მთავრობისა (BMZ) და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) დახმარებით. ეს ბილიკებია:
    1. ნიკოლოზ რომანოვის ბილიკი
    მარშრუტის ხანგრძლივობა – 3 დღე;
    მარშრუტის სიგრძე – 39-43 კმ; საფეხმავლო და საცხენოსნო, საშუალო სირთულის
    მთავარი ღირსშესანიშნაობები: წიწვოვანი დაშერეული ტყე,ლომის მთა, ლომის მთის წმ. გიორგის ეკლესია, გადასახედი კავკასიონის ხედით, კოლხური სუბ-ტროპიკული ტყე.
    ბილიკი იწყება ლიკანის მცველთა საგუშაგოდან (930მ. ზღვის დონიდან) და მთავრდება მარელისის მცველთა საგუსაგოსთან (540მ.) (ან პირიქით). ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრიდან ლიკანის მცველთა საგუშაგო 5კმ-ში მდებარეობს. მარშრუტის მთლიანი სიგრძე 43კმ-ია. ლაშქრობა იწყება მდინარე ლიკანის ხეობაში, სადაც ვიზიტორები ხვდებიან იშვიათი ჯიშის უთხოვარის ხეებს, რომლებიც საქართველოს წითელ ნუსხაშია შეტანილი.
    პირველი ღამისთევა შესაძლებელია ლომისმთის ტურისტულ თავშესაფარში. თავშესაფრიდან მეორე დღის სალაშქრო მარშრუტი მიუყვება აღმართს ლომის მთის მწვერვალისაკენ (2198მ. ზღვის დონიდან), აქ ასვლას საშუალოდ 1,5 საათი სჭირდება. ლომის მთის მწვერვალიდან კარგ ამინდში, შესაძლებელია დიდი კავკასიონის ქედის და ევროპის უმაღლესი მწვევრალი იალბუზის დანახვა.
    ლომის მთაზე მდებარეობს წმ. გიორგის სალოცავი. ბილიკის ლამაზ ხედებს დამატებით ელფერს სძენს აყვავებული დეკა მაისში და როდოდენდრონი ივნისში.
    ლომის მთიდან ბილიკი მიუყვება სუბალპურ მდელოებს და დღის მეორე ნახევარში ეშვება კოლხური სუბ-ტროპიკული ტყის სარტყელში, მეორე დღის ლაშქრობა სრულდება სახვლარის ტურისტულ თავშესაფარში (1025მ. ზღვის დონიდან),
    მესამე დღეს სახვლარის ტურისტული თავშესაფრიდან ბილიკი მიუყვება მდინარე არჯოლის ხეობას და მთავრდება მარელისის მცველთა საგუშაგოსთან.
    მარშრუტის სავარაუდო განრიგი:
    დღე 1: ლიკანის მცველთა საგუშაგო - ლომისმთის ტურისტული თავშესაფარი, 15კმ. საშუალოდ 5-6 საათი, ღამისთევა ტურისტულ თავშესაფარში ან კარავში
    დღე 2: ლომისმთის ტურისტული თავშესაფარი - სახვლარის ტურისტული თავშესაფარი 18კმ. საშუალოდ 6-7 საათი. ღამისთევა ტურისტულ თავშესაფარში ან კარავში
    დღე 3: სახვლარის ტურისტული თავშესაფარი - მარელისის მცველთა თავშესაფარი - 10კმ. საშუალოდ 4-5 საათი.
    ფოტო გალერეა
    2. წმინდა ანდრია პირველწოდებულის ბილიკი
      
    მარშრუტის ხანგრძლივობა – 4 დღე;
    მარშრუტის სიგრძე – 49-54კმ; საფეხმავლო და საცხენოსნო, რთული
    მთავარი ღირსშესანიშნაობები: ნიამორების ვოლიერი,შერეული ტყეები, ეროვნული პარკის უმაღლესი მწვერვალი - სამეცხვარიო, მთა რკინის ჯვარი, კოლხური სუბ-ტროპიკული ტყე
    ბილიკი იწყება აწყურის მცველთა საგუშაგოსთან (1000მ. ზღვის დონიდან), ამარათის ტურისტთა, სამეცხვარიოს მცველთა და სახვლარის ტურისტთა თავშესაფრის გავლით სრულდება მარელისის მცველთა თავშესაფართან. (ან პირიქით).
    ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრიდან აწყურის მცველთა საგუშაგო 27კმ-ში მდებარეობს.
    ბილიკის სიგრძე არის 54კმ. აქ ერთმანეთს ენაცვლება წიწვოვანი ტყეები, ალპური, სუბალპური მდელოები და კოლხური ფართოფოთლოვანი ტყეები. ბილიკის პირველი მონაკვეთი მდინარის ხეობას მიუყვება და შემდეგ ვიწრო ბილიკით ადის მთების ფერდობებზე. დასაწყისიდან 3 საათი ლაშქრობის შემდეგ პირველი პანორამული ხედები გელით, დღის მეორე ნახევარი მთის ფერდობებს მიუყვება რომლებიდანაც შესანიშნავი მცირე კავკასიონის პანორამული ხედები იშლება.
    ამარათის ტურისტულ თავშესაფარში ღამისთევის შემდეგ (1900მ. ზღვის დონიდან) მეორე დღის ლაშქრობა სუბალპურ და ალპურ მდელოებს მიუყვება ეროვნული პარკის უმაღლესი მწვერვალი სამეცხვარიოსაკენ (2642მ.), სამეცხვარიოს მცველთა თავშესაფარში ღამისთევის შემდეგბილიკი ეშვება ეროვნული პარკის უმაღლესი მწვერვალიდან დაბლა, 19 კმ. მანძილის დაფარვის შემდეგ გზად თქვენ გაივლით მთა რკინის ჯვართან, რომელზეც ლეგენდის თანახმად ანდრია პირველწოდებულმა პირველ საუკუნეში რკინის ჯვარი აღმართა. მესამე დღის ლაშქრობა სრულდება სახვლარის ტურისტულ თავშესაფარში (1025მ. ზღვის დონიდან), მეოთხე დღეს მარშრუტი მიუყვება მდინარის ხეობას და ყველაზე მარტივია.
    შესაძლებელია ერთი ღამისთევის დამატება ქვაზვინევის რეინჯერთა თავშესაფარში./ ან კარვებში.
    №2 ანდრია პირველწოდებულის ბილიკი სრულდება მარელისის მცველთა საგუშაგოსთან.
    მარშრუტის სავარაუდო განრიგი:
    დღე 1: აწყურის მცველთა საგუშაგო - ამარათის ტურისტული თავშესაფარი 16კმ. საშუალოდ 6-7 საათი, ღამისთევა ტურისტულ თავშესაფარში ან კარავში
    დღე 2: ამარათის ტურისტული თავშესაფარი - სამეცხვარიოს მცველთა თავშესაფარი, 9კმ. საშუალოდ 4-5 საათი. ღამისთევა კარავში ან მცველთა თავშესაფარში (სადაც სამი საწოლია)
    დღე 3: სამეცხვარიოს მცველთა თავშესაფარი - სახვლარის ტურისტული თავშესაფარი. 19კმ. საშუალოდ 7 საათი. ღამისთევა ტურისტულ თავშესაფარში ან კარავში.
    დღე 4: სახვლარის ტურისტული თავშესაფარი - მარელისის მცველთა თავშესაფარი. 10კმ. საშუალოდ 4-5 საათი.
    ფოტო გალერეა
    3. პანორამების ბილიკი
       
      
    მარშრუტის ხანგრძლივობა – 2 დღე;
    მარშრუტის სიგრძე – 34კმ; საფეხმავლო და საცხენოსნო, რთული
    მთავარი ღირსშესანიშნაობები: ნიამორების ვოლიერი, ეროვნული პარკის შერეული ტყეები, მცირე კავკასიონის პანორამული ხედები, მთა ამარათი.
    წრიული ბილიკი იწყება და მთავრდება აწყურის მცველთა საგუშაგოსთან, ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრიდან აწყურის მცველთა საგუშაგო 27 კმ-ში მდებარეობს.
    ბილიკის საერთო სიგრძე 34 კმ-ია. მარშრუტი იწყება აწყურის მცველთა საგუშაგოსთან, 1კმ. მანძილის გავლის შემდეგ ბილიკზე შეგხვდებათ ნიამორების ვოლიერი, ნიამორი (Capra aegagrus). ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ნიამორის რეინტროდუქციის პროექტი 2006 წლიდან მიმდინარეობს, აღნიშნული ვოლიერის არსებობის მთავარი მიზანი ველურ გარემოში უკვე გადაშენებული ცხოველის ხელახალი გამრავლება და ისევ ეროვნული პარკის ტერიტორიაზე გაშვებაა. ნიამორის ვოლიერიდან 20 წუთის სალაშქრო მანძილზე მარშრუტი ფართო გზიდან მარცხნივ უხვევს ვიწრო ბილიკზე, რომელიც დიდი აღმართით ადის მთის ფერდობზე, დასაწყისიდან 3 საათი ლაშქრობის შემდეგ ბილიკი გვთავაზობს ულამაზეს ხედებს, №3 პანორამების ბილიკი განსაკუთრებული ბიომრავალფეროვნებით გამოირჩევა, ბილიკებიდან იშლება წიწვოვანი ტყეების ხედები. ბილიკზე ნახავთ ეროვნულ პარკში გავრცელებული ცხოველების ნაკვალევს, როგორებიცაა: კეთილშობილი ირემი (Cervus elaphus). დათვი (Ursus arctos), მგელი (Canis lupus), ამარათის ტურისტულ თავშესაფართან ახლოს მდებარეობს მწყემსების საზაფხულო ქოხები, აქ შეგიძლიათ მწყემსების ცხოვრების წესს გაეცნოთ. მეორე დღის ლაშქრობა გრძელდება პანორამების ბილიკზე რომელიც განსაკუთრ5ებულად ლამაზი ხედებით გამოირჩევა. მეორე დღის ლაშქრობა შედარებით ხანგრძლივია თუმცა უმეტესწილად დაბლა ეშვება. გზად შესაძლებელია ეწვიოთ ადგილობრივი მწყემსების საზაფხულო ქოხებს და გაეცნოთ მათ წეს-ჩვეულებებს.
    მარშრუტის სავარაუდო განრიგი:
    დღე 1: აწყურის მცველთა საგუშაგო - ამარათის ტურისტული თავშესაფარი 16კმ. საშუალოდ 6-7 საათი, ღამისთევა ტურისტულ თავშესაფარში ან კარავში
    დღე 2: ამარათის ტურისტული თავშესაფარი - აწყურის მცველთა საგუშაგო. 18კმ. საშუალოდ 6-7 საათი.
    ფოტო გალერეა
    4. ხელუხლებელი ტყის ბილიკი
    მარშრუტის ხანგრძლივობა – დღენახევარი;
    მარშრუტის სიგრძე – 12-13 კმ; 7 სთ, საფეხმავლო, საშუალო სირთულის
    მთავარი ღირსშესანიშნაობები: ეროვნული პარკის წიწვოვანი, ფოთლოვანი, შერეული და კოლხური სუბ-ტროპიკული ხელუხლებელი ტყეები
    მარშრუტი იწყება ზანავის მცველთა საგუშაგოდან (950მ.) და სრულდება ნუნისის მცველთა საგუშაგოსთან (870მ.). ბილიკი ჰკვეთს ეროვნული პარკის აღმოსავლეთ ნაწილს და გამოირჩევა ხელუხლებელი ტყის მასივებით, აქ გავრცელებულია წიფლნარი, რცხილნარი და მუქწიწვოვანი სახეობის ხეთა ჯიშები.
    ბილიკის ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს როდოდენდრონის ყვავილობა მაისში. ნუნისის რეინჯერთა საგუშაგოსთან მდებარეობს IX საუკუნის ღვთისმშობლის მამათა მონასტერი.
    ბილიკი რთულად სალაშქროა, ძალიან იშვიათია ვაკე რელიეფი. უმაღლესი წერტილი სადაც ბილიკი გაივლის არის 1690მ. ზღვის დონიდან.
    რეკომენდირებულია ერთი ღამისთევა კარავში ნუნისის მცველთა საგუშაგოსთან.
    მარშრუტის სავარაუდო განრიგი:
    დღე 1:ზანავის მცველთა საგუშაგო - ზანავის მცველთა საგუშაგო (ან პირიქით). 13კმ. საშუალოდ 6-7 საათი, შესაძლებელია ღამისთევა კარავში.
    ფოტო გალერეა
    5. ზეკარის უღელტეხილის ბილიკი
    მარშრუტის ხანგრძლივობა – 3 დღე
    მარშრუტის სიგრძე - / 31 კმ, დაახ. 4-4,5 საათი, საფეხმავლო, რთული
    მთავარი ღირსშესანიშნაობები: კურორტი აბასთუმანი, ზეკარის უღელტეხილის ულამაზესი ხედები და კოლხური სუბ-ტროპიკული ტყე
    მარშრუტი იწყება აბასთუმნის მცველთა საგუშაგოსთან (1390მ.) სამანქანო გზაზე და მიუყვება ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით, შემდეგ მდინარე აბასთუმნის ხეობიდან უხვევს მდ. ოცხეს ხეობაში. 2.5კმ. გავლის შემდეგ ბილიკი ჩრდ. აღმოსავლეთის მიმართულებით ადის ციცაბო ფერდზე (ზოგ ადგილზე 20-25გრადუსი დახრილობის), აღნიშნული გადასახვევიდან 6კმ-ში თქვენ მიხვალთ დიდმაღალას ტურისტულ თავშესაფარში, სადაც ღამეს გაათევთ და მეორე დღეს 1,5კმ. გავლის შემდეგ ბილიკი გადის სამანქანო გზაზე საიდანაც მიუყვება აჭარა იმერეთის ქედს დასავლეთის მიმართულებით. ტურისტული თავშესაფრიდან დაახლოებით 10კმ. მანძილის გავლის შემდეგ ბილიკი გაივლის ნასაბაჯვარის მწყემსთა საზაფხულო სადგომებს და ეშვება დაბლა მდ. ოცხეს ხეობისაკენ, მდ. ოცხეს ხეობაში ბილიკი კვლავ უერთდება პირველი დღის მარშრუტს და ბრუნდება აბასთუმნის მცველთა საგუშაგოსთან.
    მარშრუტის სავარაუდო განრიგი:
    დღე 1: აბასთუმნის მცველთა საგუშაგო - დიდმაღალას ტურისტული თავშესაფარი 8 კმ. საშუალოდ 4 საათი, ღამისთევა ტურისტულ თავშესაფარში ან კარავში
    დღე 2: დიდმაღალას ტურისტული თავშესაფარი - აბასთუმნის მცველთა საგუშაგო. 23კმ. საშუალოდ 7-8 საათი.
    ფოტო გალერეა
    6. ნაკვალევის ბილიკი
    მარშრუტის ხანგრძლივობა – ერთი დღე;
    მარშრუტის სიგრძე – 12-13კმ; 6 სთ, საფეხმავლო, საშუალო სირთულის
    მთავარი ღირსშესანიშნაობები: პანორამული ხედები, ქვაბისხევის კანიონის ხედები, მარიამწმინდას ეკლესია ქვაბისხევში
    ლაშქრობა იწყება მდინარე ლიკანის ხეობაში ლიკანის მცველთა თავშესაფართან, სადაც ვიზიტორები ხვდებიან იშვიათი ჯიშის უთხოვარის ხეებს, რომლებიც წითელ ნუსხაშია შეტანილი. უთხოვარი (Táxusbaccáta) ევროპაში არსებულ ხეებს შორის ყველაზე დიდ ხანს ცოცხლობს. ეროვნული პარკის ტერიტორიაზე გვხვდება 800-დან 1000 წლამდე ასაკის უთხოვარის ხეები. მდინარის ხეობაში 2კმ. ვაკეზე ლაშქრობის შემდეგ თქვენ შეხვდებით ეროვნული პარკის რუკას (930მ. ზღვის დონიდან) საიდანაც სერპანტინებით ბილიკი მიუყვება მთის ფერდობს, აღმართი დაახლოებით 3 საათს გრძელდება №1 ნიკოლოზ რომანოვის ბილიკზე, შემეგ უხვევს მარცხნივ №6 ნაკვალევის ბილიკზე სადაც კარგი პანორამული ხედები გელით, ხედები ვაკე რელიეფზე ლაშქრობისას გხვდებათ 1 საათის მანძილზე, შემდეგ მარშრუტი ეშვება ქვაბისხევის ხეობაში ციცაბო დაღმართით, რომელიც მეექვსე მარშრუტის გადასახვევიდან 2კმ-ში იწყება, აქ სიარულიც შედარებით რთულია. რთულად სალაშქრო დაღმართი 40 წუთის მანძილზე გრძელდება, შემდეგ კი ქვაბისხევის ხეობის ულამაზესი ხედები გელით, ქვაბისხევის ხეობა ძალიან ლამაზია წლის ნებისმიერ სეზონზე, გამოირჩევა ბიომრავალფეროვნებით, ბილიკის დასასრულს თქვენ შეხვდებით საპიკნიკე და საკარვე ადგილებს. შესაძლებელია ღამისთევა კარავში. სოფელი ბილიკიდან 1 კილომეტრითაა დაშორებული, თქვენ აქ ადგილობრივი ნატურალური პროდუქტების შეძენის საშუალება გაქვთ.
    მარშრუტის სავარაუდო განრიგი:
    დღე 1: ლიკანის მცველთა საგუშაგო - ქვაბისხევის მცველთა საგუშაგო. 13კმ. საშუალოდ 6 საათი.
    ფოტო გალერეა
    7. ეროვნული პარკის საინფორმაციო ბილიკი
    მარშრუტის ხანგრძლივობა – 1,5 სთ;
    მარშრუტის სიგრძე – 3კმ; 2 სთ, საფეხმავლო, საშუალო სირთულის
    მთავარი ღირსშესანიშნაობები: წმ. ნინოს სახელობის ეკლესია, ქალაქ ბორჯომის ხედი
    მარშრუტი იწყება ადმინისტრაციული შენობიდან (850მ.), მის გასავლელად დაახლოებით 1,5 საათია საჭირო, დაახლოებით 600 მეტრიანი რთულად სასიარულო აღმართის შემდეგ ბილიკი სწორდება და მარცხნივ უხვევს, სადაც კეთდება წრე და იგივე მონაკვეთს უბრუნდება. ბილიკის უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან 950მ. სიმაღლეზე მდებარეობს. ბილიკის გასწვრივ შესაძლებელია პიკნიკის მოწყობა.
    ბილიკის გასწვრივ განლაგებულია 9 საინფორმაციო სტენდი, რომლებიც სხვადასხვა ეკოსაგანმანათლებლო საკითხს და თემას ეხება: რას წარმოადგენს ეროვნული პარკი, მისი ფლორა და ფაუნა, მცენარეული საფარი, ტრადიციული გამოყენების ზონა და სხვა. ინსტალაციებთან მცირე სირთულეც ელით მოლაშქრეებს: უნდა გამოიცნონ სად ნადირობს მსხვერპლზე მთის არწივი ან კიდევ უნდა ააწყონ მოძრავი ინსტალაცია, რომელიც ეროვნული პარკის ცხოველებზეა: რომელი კვალი რომელ ცხოველს ეკუთვნის?. ბილიკზე ლაშქრობა შესაძლებელია მარტო ან ეროვნული პარკის გიდთან ერთად.
    ბილიკის სავარაუდო განრიგი:
    დღე 1: 1,5 საათიანი ლაშქრობა ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრიდან
    ფოტო გალერეა
    8. მეღრუკის ხეობა
    მარშრუტის ხანგრძლივობა – ერთი დღე;
    მარშრუტის სიგრძე – 5,5კმ; 6 სთ, საფეხმავლო და საცხენოსნო, საშუალო სირთულის
    მთავარი ღირსშესანიშნაობები: მდინარე მეღრუკის კანიონი, კოლხური-სუბტროპიკული ტყე.
    ბილიკი იწყება სახვლარის ტურისტულ თავშესაფართან და მიუყვება მდინარე მეღრუკის ხეობას. კანიონის ფერდობები დაფარულია კოლხური სუბტროპიკული ტიპის ტყეებით, ბილიკის სიგრძე 5,5კმ–ია. მეღრუკის ხეობის მიკრო–კლიმატი საშუალებას გაძლევთ თავი დააღწიოთ ზაფხულის ცხელ დღეებს და თავი შეაფაროთ იმ გრილ გარემოს მარშრუტზე ლაშქრობისას გელით.
    ბილიკის სავარაუდო განრიგი:
    ბილიკის გასავლელად აუცილებელია ეწვიოთ №1 ან №2 ტურისტულ ბილიკებს, სადაც სახვლარში ღამისთევის შემთხვევაში შესაძლებელია აღნიშნული ბილიკის მონახულება.
    ფოტო გალერეა
    9. მწყემსების ბილიკი
    მარშრუტის ხანგრძლივობა – ერთი დღე;
    მარშრუტის სიგრძე – 16 კმ; 7 სთ, საფეხმავლო და საცხენოსნო, საშუალო სირთულის
    მთავარი ღირსშესანიშნაობები: ლომის მთა, ლომის მთის წმ. გიორგის ეკლესია, გადასახედი კავკასიონის ხედით, მწყემსების ქოხები, მცირე კავკასიონის პანორამული ხედები
    ბილიკი აკავშირებს №1 და №2 მარშრუტებს ერთმანეთს და საჭიროა ორი ღამისთევა ლომისმთისა და ამარათის თავშესაფარში. ლაშქრობა იწყება მდინარე ლიკანის ხეობაში 2კმ. ვაკეზე ლაშქრობის შემდეგ თქვენ შეხვდებით ეროვნული პარკის რუკას, საიდანაც დაკლაკნილი ბილიკი მიუყვება მთის ფერდობს, აღმართი დაახლოებით 3 საათს გრძელდება, შემდეგ გადის პანორამულ ხედებთან და დღის მეორე ნახევარი შედარებით იოლია, პირველი ღამისთევა შესაძლებელია ლომის მთის ტუსრისტულ თავშესაფარში (1800 მ. ზღვის დონიდან) ან მის შემოგარენში მდებარე საკარვე ადგილზე.
    მეორე დღის ლაშქრობა შედარებით ხანგრძლივი და რთულია, გზად თქვენ შეხვდებით მწყემსების საზაფხულო ქოხებს, სადაც ისინი ზაფხულობით შინაურ პირუტყვს ინახავენ. მეორე დღეს ლაშქრობის დასაწყისი და დასასრული აღმართებია, დანარჩენ ნაწილზე ძირითადად ვაკე, ამარათის ტურისტულ თავშესაფარში ღამისთევის შემდეგ ლაშქრობა შედარებით იოლია და ეშვებით აწყურის რეინჯერთა თავშესაფრამდე.
    ბილიკის სავარაუდო განრიგი:
    დღე 1: ლიკანის მცველთა საგუშაგო - ლომისმთის ტურისტული თავშესაფარი. 15კმ. საშუალოდ 5-6 საათი.
    დღე 2: ლომისმთის ტურისტული თავშესაფარი - ამარათის ტურისტული თავშესაფარი. 20კმ. საშუალოდ 7-8 საათი.
    დღე 3: ამარათის ტურისტული თავშესაფარი - აწყურის მცველთა საგუშაგო. 16კმ. საშუალოდ 5-6 საათი.
    ფოტო გალერეა
    10. „თოვლის ფეხსაცმელების“ ბილიკი

     

     

    15.5 კმ, 7 სთ, საფეხმავლო, საშუალო სირთულის
    მთავარი ღირსშესანიშნაობები: თოვლით დაფარული მარადმწვანე ტყეებისა და ლომისმთის ხედები.
    №10 თოვლის ფეხსაცმელების ბილიკი იწყება და ჩითახევის მცველთა თავშესაფრის გავლით მთავრდება ლიკანის მცველთა საგუშაგოსთან. პირველი დღის ლაშქრობა 8 კმ-ია. თავშესაფარში შესაძლებელია ცეცხლის დანთება, ღამისთევისათვის საკმარისი სასმელი წყალი თან უნდა გქონდეთ.
    მეორე დღეს პანორამული ხედების გავლის შემდეგ ბილიკი მიუყვება წიწვოვან, დაბურულ ტყეს და ეშვება ლიკანის დასახლებამდე.
    ბილიკის სავარაუდო განრიგი:
    დღე 1: ლიკანის მცველთა საგუშაგო - ჩითახევის მცველთა თავშესაფარი. 8კმ. საშუალოდ 6-7 საათი.
    დღე 2: ჩითახევის მცველთა თავშესაფარი - ლიკანის მცველთა საგუშაგო. 7,5კმ. საშუალოდ 5-6 საათი.
    ფოტო გალერეა
    11. „თოვლის ფეხსაცმელების“ ბილიკი
    6 კმ, 4 სთ, საფეხმავლო, საშუალო სირთულის
    მთავარი ღირსშესანიშნაობა: ნიამორის ვოლიერი.
    №11თოვლის ფეხსაცმელების ერთდღიანი ბილიკი იწყება აწყურის რეინჯერთა საგუშაგოსთან და 6კმ. მანძილზე გრძელდება, უკან დაბრუნება ხდება იგივე გზით, სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია გზის შემოკლება.
    ბილიკის სავარაუდო განრიგი:
    დღე 1: აწყურის მცველთა საგუშაგო - პანორამული ხედები - აწყურის მცველთა საგუშაგო. 12კმ. საშუალოდ 6 სააათი.
    ფოტო გალერეა
    გიდებთან დაკავშირებამდე, ტურის დაგეგმვისა და ორგანიზების მიზნით, გთხოვთ, მიმართოთ ვიზიტორთა სამსახურს:

    გაგა მუმლაძე, ვიზიტორთა მომსახურების სპეციალისტი
    ტელ.: 577 64 04 80; ელ-ფოსტა:   gaga_mumladze@yahoo.com  

    გიდები:
    რომან ტაბაშიძე - 555 371347
    გიორგი გელაშვილი - 593 667420
    ვაჟა გელაშვილი - 595 116343

     

    როგორ მოვხვდეთ დაცულ ტერიტორიებზე
    სერვისები და ტარიფები
    სასტუმროები
    რეგიონის ღირსშესანიშნაობები
    ფოტო გალერეა


    http://apa.gov.ge/ge/bordjom-xaragaulis-erovnuli-parkis-administracia       ( სხვა ამ თემაზე საინტერესო ბმულები)

    http://apa.gov.ge/ge/Borjom-Kharagauliprotectedareastouristtrails    ( ფოტო გალერეები)

     

     

     

     

    ვალუტის კურსი
    2.4864
    2.9344
    3.2753
  • ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი
  • ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტურისტული მარშრუტები
  • ხარაგაულის ტურისტული მარშრუტები
  • ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და შიდა ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრი
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი