{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • ხარაგაულის №3 საჯარო სკოლის IX-XI კლასის მოსწავლეებს თემაზე: „ტოლერანტობა“ ლექცია-სემინარი ჩაუტარდათ


    ხარაგაულის №3 საჯარო სკოლაში გამგებლის მრჩეველმა გენდერული თანასწორობის საკითხებში, ინგა ბერაძემ თემაზე „ტოლერანტობა“ IX-XI კლასის მოსწავლეებს პრეზენტაცია წარუდგინა. ახალგაზრდებმა ტოლერანტობის მნიშვნელობასა და დღევანდელ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრეს. მოსწავლე-ახალგაზრდები აქტიურად ჩაერთვნენ დისკუსიაში, საინტერესოდ საუბრობდნენ იმ პრობლემებზე, რასაც ისინი მათ ირგვლივ არსებულ რეალობაში ტოლერანტობის დაცვის ნიშნით ხვდებიან. აფიქსირებდნენ აზრს თუ როგორ ესმით ტოლერანტობა. შეხვედრის დასასრულს გაიმართა რეჟისორ მარკ ჰერმანის ცნობილი ფილმის ,,ბიჭუნა ზოლიან სამოსში" ჩვენება, აღნიშნული ფილმი დრამაა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს პატარა გერმანელი ბიჭუნას ისტორიას მოგვითხრობს. ფილმში არის შოვინიზმის, ქსენოფობიის, დისკრიმინაციის და ემპათიის გამოვლინებები. ფილმის სიუჟეტის შესახებ, რომელიც ახალგაზრდებისთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა, მოსწავლეებს შორის მსჯელობა და დისკუსია გაიმართა.
    ხარაგაულის №3 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელმა თამარ მაქაძე: „დღეს, როდესაც მთელს მსოფლიოში რთული სიტუაციაა ასეთი ღონისძიებების ჩატარება აუცილებელია. ჩვენ ქრისტიანები ვართ და, ჩემი აზრით, ტოლერანტობის, შემწყნარებლობის, განსხვავებული აზრის გათავისება და მიღება ყველაზე მეტად მართლმადიდებლებს შუძლია. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვები დღეს სკოლებში სწავლობენ ქვეყნების ისტორიას, კონფლიქტებს ერებს შორის, ტოლერანტობას, მაინც უცილებელია, მათთან ასეთი სახის ღონისძიებების ჩატარება. მართალია პედაგოგები ვესაუბრებით მათ ასეთ საკითხებზე, მაგრამ საგაკვეთილო პროცესი თემებს ასე მასშტაბურად ვერ განიხილავს. მივესალმები მსგავს თემებზე ტრენინგების და ლექცია–სემინარების გამართვას.“
    ქალბატონმა ინგა ბერაძემ ტრენინგის დასასრულს ჩვენთან საუბარში აღნიშნა: „მოგეხსენებათ, 16 ნოემბერი იყო ტოლერანტობის საერთაშორისო დღე და ჩვენ შევეცადეთ ამ ფორმით გამოვხმაურებოდით ამ დღეს. ბავშვებს აქვთ გარკვეული წარმოდგენა, როგორი უნდა იყოს თავისუფალი, დემოკრატიული ქვეყნის მოქალაქე, როგორი უნდა იყოს მისი მოქალაქეობრივი შეგნება. სამოქალაქო განათლების შესწავლით სწორედ ამ უნარების გამყარება ხდება, თუმცა ჩვენ შევეცადეთ პრეზენტაციით კიდევ ერთხელ დაგვეფიქრებინა ბავშვები ამ თემაზე. ზოგადად ტოლერანტობა ძალიან საინტერესო თემაა და ის მოვლენები, რაც დღეს მსოფლიოში ხდება კიდევ ერთხელ გვაფიქრებს ამ თემაზე. სწორედ იმის გამო, რომ ხალხები და ერები არ არიან შემწყნარებლები სხვა რელიგიური, ეთნიკური წარმომადგენლების, რასისა თუ მსოფლმხედველობის მიმართ ხდება კონფლიქტები. ადამიანი უნდა იყოს შემწყნარებელი განსხვავებული ერის, რასის, რელიგიისა და იმ კულტურის მიმართ რომელიც მისეული არ არის. ბავშვებმა სწორად აღნიშნეს, რომ ერთ–ერთი მთავარი პრობლემა, რაც ამ სახის წინააღმდეგობებს აჩენს ეს არის განათლების ნაკლებობა საზოგადოებაში.“
    ხარაგაულის №3 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა ვარლამ ჭიპაშვილი: „კარგია რომ ადგილობრივი თვითმმართველობა ურთიერთობს სკოლებთან და ამ სახის აქტივობებით ჩართულია ახალგაზრდების საგანმანათლებლო პროცესში. მადლობა მინდა ვუთხრა ქალბატონ ინგა ბერაძეს, რომ ასეთი ტიპის შეხვედრა დაგეგმა. მე ვფიქრობ, ასეთი შეხვედრები ნაწილობრივ მაინც უზრუნველყოფს, რომ მოსწავლე–ახალგაზრდობამ მოქალაქეობრივი თვითშეგნების დონე კიდევ უფრო აიმაღლოს. მათ უნდა ისწავლონ განსხვავებული აზრის პატივისცემა, საკუთარი აზრის გამოხატვის თავისუფლება და ასევე ისწავლონ, რომ მათი უფლებები მთავრდება იქ, სადაც იწყება სხვისი უფლებები. მოსწავლეები ჩაერთვნენ დებატებში და გამოხატეს თავიანთი პოზიციები. დარწმუნებული ვარ დღევანდელი დღე მათ აზროვნების და მენტალობის ფორმირებაში გარკვეულ წვლილს შეიტანს.“

      

     

     

     

     

    18 ნოემბერი 2015

    ნანახია: 659 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი