{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • დღეს საკრებულოს ბიუროს სხდომაზე ვარლამ ჭიპაშვილმა განცხადება გააკეთა

     

    განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ

    ,,მას შემდეგ,  რაც საკრებულოს წევრი გავხდი,  ჩემი და საკრებულოს თავმჯდომარის, ქალბატონი ინგა მაღრაძის პოზიციები ხშირად ეწინააღმდეგება ერთმანეთს. 8 ოქტომბერს გამართულ  ბიუროს სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარემ გამოიტანა საკითხი საკრებულოს აპარატში ორი საშტატო ერთეულის დამატებაზე. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია დავაფიქსირე.  შევეწინააღმდეგე ახალი კადრების დამატებას, ვინაიდან ამით დაზოგილი თანხები, ჩვენ შეგვიძლია, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალურად დაუცველი ადამიანების დასახმარებლად დავხარჯოთ.  ამავე სხდომაზე,  ბაზალეთი–უბისის დამაკავშირებელ გზაზე გარე განათების ქსელის მოწყობის სამუშაოების შესრულების შესახებაც  გავაკეთე განცხადება და აღვნიშნე, რომ ა(ა)იპ  „ხარაგაულკეთილმოწყობის“ სამსახური სამუშაოებს არაჯეროვნად ახორციელებდა, რადგან   განათების ქსელის მონტაჟისას გზის მონაკვეთები დაზიანდა.  იქვე განვმარტე, რომ თუ სამსახური ამ პრობლემას არ მოაგვარებდა  აღნიშნული ორგანიზაციისათვის  თანხა არ  ჩაერიცხათ.  ამის შემდეგ ჩემი მისამართით  ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარესთან  დაახლოებული  პირებიდან მუქარები არ წყდება.  ამ განცხადებების გაკეთების  შემდეგ დაახლოებით 10 წუთში დამირეკა  ქალბატონი ინგა მაღრაძის მეუღლემ,   „ხარაგაულკეთილმოწყობის“ დირექტორმა,  მიხეილ ჭიპაშვილმა, რომელიც ამავე დროს  რესპუბლიკური პარტიის, ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეა  და ე.წ. „საქმის გარჩევა“ სცადა. უფრო მეტიც, იგი  ფიზიკური ანგარისწორებით დამემუქრა. სხვათა შორის მისგან ჩემ  მიმართ ზეწოლის  ფაქტი პირველი არაა. რამდენიმე თვის წინ ,, წესის აგებითაც“  დამემუქრა.  აღნიშნული ადამიანებისთვის პირადი შეურაცხყოფა არასოდეს   მიმიყენებია.  მათ მხოლოდ სამსახურეობრივ საკითხებზე ვესაუბრები და ვეკამათები კიდეც. კარგად მახსოვს,  რამდენიმე თვის წინ, როდესაც ბაზალეთის მოსახლეობამ მშვიდობიანი პროტესტი გამოხატა საკრებულოს თავმჯდომარის ცრუ განცხადებაზე, ამ ფაქტმა ძალიან გააღიზიანა ქალბატონი ინგა.  ბატონი ნოდარ ებანოიძე  კი  სატელეფონო საუბრის დროს დამემუქრა და შეურაცხყოფა  მომაყენა. შემაგინა და „თავის წაძრობასაც“ დამპირდა. ბატონი ნოდარ ებანოიძე გამოცდილი პოლიტიკოსია და,  ჩემი აზრით,  ასეთ მაგალითებს,  ნამდვილად არ უნდა აძლევდეს ახალგაზრდა პოლიტიკოსებს. არც ის დამვიწყებია, როგორ მომაყენა პირადი შეურაცხყოფა დეპუტატმა გელა გოლუბიანმა. თუ ჭკუას  არ ვისწავლიდი,  თურმე თავად მასწავლიდა და თანაც მუჭით მემუქრებოდა. გამოდის, რომ საკრებულო ჯანსაღი აზრების გამოხატვის ადგილი კი არა ფიზიკური ჭიდაობის მოედნად უნდა იქცეს,  თუ მათ ავყვებით.

    თუ მათი მეთოდებით ვიხელმძღვანელებთ, ძალადობას ძალადობით უნდა ვუპასუხო.  ეს კი ჩემთვის პოლიტიკურ კორექტულობასა და მორალურ პრინციპებს ეწინააღმდეგება.

    არ მინდა, საზოგადოება ჩვენს კინკლაობას უყურებდეს. არც ის მინდა,  ჩვენ ამაში დავკარგოთ დრო.  თუმცა პირად შეურაცხყოფებს ვერავისგან ავიტან. ამაზრზენია, როდესაც  განცხადებებს ვაკეთებ ჩემს  მიმართ განხორციელებული ზეწოლის თაობაზე და ასევე ამაზრზენია ის, რომ ზეწოლის ავტორებს საკრებულოს თავმჯდომარე მოუწონებს საქციელს.  არ დამავიწყდება ქალბატონი ინგა მაღრაძის სიტყვები - „ძალიან კარგი, თუ შეგაგინა, ძალიან კარგი თუ დაგემუქრა, შენ ყოველ დღე ხარ სალაწუნო.“  ჩემთვის საოცარი  იყო დამოუკიდებელ  გაზეთ  „ჩემი ხარაგაულის“ რედაქტორის, ქალბატონი ლაურა გოგოლაძის,  პასუხი ჩემს თხოვნაზე, რომ ჩემს  მიერ გაკეთებული განცხადება პრესაში დაებეჭდა.  ქალბატონმა ლაურამ, რომელიც ხშირად ამაყობს მიუკერძოებლობით, პასუხად მომიგო, რომ სხდომა უკვე დამთავრებული იყო და აღნიშნული ინფორმაცია რომ დაებეჭდა,  თანხა უნდა გადამეხადა. განა პრესისთვის მნიშვნელობა არ აქვს ასეთ განცხადებას? კარგად მახსოვს, აღნიშნული გაზეთი   როგორ ბეჭდავდა ინფორმაციას სხვადასხვა პირის მიმართ ზეწოლაზე.   საწყენია, როდესაც დამოუკიდებელი გაზეთი, მიუკერძოებლობის პრეტენზიით, შერჩევით მიდგომებს ირჩევს.

    ჩემს ოპონენტებს სურთ ურთიერთობების ფორმები ქვის ხანაში დააბრუნონ, როდესაც ფიზიკური ძალადობა ყოველდღიური ურთიერთობების თანამდევი იყო. მე მათ შევახსენებ, რომ  პოლიტიკოსის სიძლიერე გონებითა და საქმით გამოიხატება და არა ფიზიკური ძალადობით.

    გონიერების ფარგლებში, მზად ვარ ვითანამშრომლო კოალიციურ რეჟიმში ყველასთან და მივიღო კოალიციური გადაწყვეტილება. მაგრამ ამავდროულად ყველას გასაგონად მინდა განვაცხადო, ნუ შევქმნით ხარაგაულში ისეთ ვითარებას, რომ დუშეთის საკრებულოს წევრის(კოალიცია ,,ქართული ოცნებიდან“) ტარიელ ჩხუტიაშვილის მსგავსად საკრებულოს სხდომებში მონაწილეობის მისაღებად დეპუტატებმა ჩაფხუტებით იარონ.

    ჩვენი ხელისუფლების უმნიშვნელოვანესი მონაპოვარი აზრის გამოხატვის თავისუფლებაა და ვერავინ გადამახვევინებს იმ პრინციპებისაგან, რათა სიმართლე ვთქვა  ყველგან, ყოველთვის და ყველას მიმართ!

    19 ოქტომბერი 2015

    ნანახია: 610 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი